ხოდორკოვსკის საქმე

რუსეთი იუკოსის ყოფილ მფლობელებს კომპენსაციას აღარ გადაუხდის

AP

ჰააგის საოლქო სასამართლომ გააუქმა ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთს კომპანია "იუკოსის" ყოფილი მფლობელებისთვის კომპენსაციის სახით 50 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადა.

ჰააგის მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ აღნიშნული თანხის გადახდა რუსეთს 2014 წელს დააკისრა. საარბიტრაჟო სასამართლოს დასკვნით, რუსული სახელმწიფო ორგანოები კომპანიის გაკოტრებისთვის, მისი მთავარი მფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის დასაპატიმრებლად და მისთვის ქონების უკანონოდ ჩამოსართმევად სასამართლო და საკანონმდებლო სისტემებით მანიპულირებდნენ.

ჰააგის საოლქო სასამართლოს განცხადებით, ამ საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. ამას გარდა, საოლქო სასამართლოს თქმით, რუსეთს იმ ხელშეკრულების რატიფიცირება არასდროს მოუხდენია, რომელსაც საარბიტრაჟო სასამართლო ეყრდნობოდა.

"იუკოსის" ყოფილი მფლობელები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

კომენტარები