ქორწინების თანასწორობა

ქორწინების ცნების შესახებ სარეფერენდუმო წინადადებაზე ცესკო დღეს იმსჯელებს

ცესკო

კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ სარეფერენდუმო წინადადებაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს იმსჯელებს. ცესკოში სხდომა 18:00-ზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე, საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?" ფორმულირება დაზუსტდება.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე დარეგისტრირებული აქვს სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?". სარეფერენდუმო საკითხი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა (შემადგენლობა - ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მიხედვით, "არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს".

კომენტარები