აშშ-ის საელჩო

საია: სულხან წულაძის მიმართ პატიმრობის შეფარდების განჩინება დაუსაბუთებელია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის ფორუმის მომხმარებლის სულხან წულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელია. საია აღნიშნავს, რომ განჩინება არ შეესაბამება არც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას და არც საერთაშორისო კონვენციებით დადგენილ სტანდარტებს. საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, პროკურატურამ, პირის კონსტიტუციური უფლებების დაცვით, გაასაჯაროოს ის მტკიცებულებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით, აღკვეთის ღონისძიების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორების თავიდან აცილება და ბრალდებულის იმგვარი ქცევა, რაც არ დააბრკოლებს და ხელს არ შეუშლის გამოძიების სრულყოფილად და ეფექტურად წარმართვას (მაგალითად, თავიდან აიცილოს პირის მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლისა და/ან მტკიცებულების განადგურების საფრთხე).

„ამგვარად, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას არა იმაზე, დამნაშავეა თუ უდანაშაულო მის წინაშე მყოფი პირი, არამედ იმაზე, რამდენად აუცილებელია გამოძიების უზრუნველსაყოფად პირის მიმართ გამოყენებული იყოს ესა თუ ის აღკვეთის ღონისძიება (პატიმრობა, გირაო, პირადი თავდებობა და სხვ.) ამასთან, სასამართლო მსჯელობს, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაა ადეკვატური და მიზანშეწონილი დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად",- აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

საიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ „განჩინება ასევე არის დაუსაბუთებელი, რადგან მასში განვითარებული მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა და კანონიერება არ არის გამყარებული საქმეში არსებული კონკრეტული ფაქტებითა და ინფორმაციის ერთობლიობით".

„ სასამართლო ზოგადად მსჯელობს, რომ მოცემულ საქმეში არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხე, თუმცა მითითება კონკრეტულ ფაქტებზე და დამაჯერებელი მსჯელობა, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ სრულად ბრალდების მხარის არგუმენტები და მივიდა ამ დასკვნამდე, განჩინებაში არ არის. ამასთან, განჩინებაში არ არის მსჯელობა და დასაბუთება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იყო აუცილებელი ყველაზე უფრო მკაცრი და შემზღუდველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და რატომ ვერ უზრუნველყოფდა იმავე მიზნის მიღწევას სხვა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სულხან წულაძის ფინანსური შესაძლებლობა ერთი მხრივ ქმნის მისი ქვეყნიდან გაქცევის, მეორე მხრივ მუქარის რეალურად განხორციელების რისკს. აღნიშნული არგუმენტიც აბსტრაქტულადაა ჩამოყალიბებული. ამასთან, აღნიშნული საფრთხე სხვა არაერთი საშუალებით შეიძლება ყოფილიყო დაზღვეული, მაგალითად დამატებითი ღონისძიების სახით სამგზავრო დოკუმენტების პოლიციისთვის ჩაბარებით, რაზეც მზაობას აცხადებდა ბრალდებული. ამასთან, მიმალვის საფრთხის არსებობა, გონივრულად უნდა დადგინდეს ისეთ ფაქტორებზე მითითებით, როცა პირს ადრეც უცდია კანონიერი სასჯელისათვის თავის დაღწევა ქვეყნიდან მიმალვით ანდა არსებობს მიმალვის საფრთხის კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ ყოფილა" - აცხადებს საია.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, სასამართლომ ასევე გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ პირი შესაძლოა მიმალულიყო წარდგენილი ბრალის სიმძიმისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრის შიშით.

„ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეში ფაცურია საქართველოს წინაღმდეგ განმარტა, რომ პატიმრობის გამოყენება, მხოლოდ კანონით დადგენილი პრეზუმფციის გამო, რომელიც ეფუძნება ბრალდების სიმძიმესა და მიმალვის საფრთხეს, ახალი დანაშაულის ჩადენას, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მუქარის რეალურად განხორციელების რისკი შესაძლოა დაზღვეული ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით, რომელიც იქნებოდა ეფექტური, თუმცა ბრალდებულის უფლებების უფრო ნაკლებად შემზღუდველი, ვიდრე პატიმრობა. და ბოლოს, საყურადღებოა, რომ განჩინების თანახმად, სულხან წულაძის მიმართ დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, პირველი წარდგენის სხდომაზევე შემოწმდეს მოსამართლის მხრიდან, რამდენად არსებობდა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა და რამდენად დაცული იყო პირის დაკავებისას კანონით დადგენილი პროცედურები. ამ საკითხზე მოსამართლის მსჯელობა ზედაპირული და შაბლონურია და არ წარმოადგენს სასამართლოს წინასწარი ნებართვით, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, დაკავების აუცილებლობასა და კანონიერებაზე რეალური სასამართლო კონტროლის განხორციელებას",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს სულხან წულაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 2016 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ძალაში დატოვა.

სულხან წულაძეს აშშ-ის ელჩზე მუქარას ედავებიან. Forum.ge-ს მომხმარებლების და წულაძის ოჯახის ინფორმაციით, მან „სახუმარო თემა" გახსნა ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. წულაძის დასახმარებლად გახსნილ პეტიციაში წერია, რომ "წულაძემ მეტი დამაჯერებლობისათვის ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა". 

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 326-ე მუსხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე მუქარას გულისხმობს. 

 

კომენტარები