ბესელია: კონგრესმენის განცხადება ივანიშვილზე არასერიოზულია

ეკა ბესელია
ტაბულა

დეპუტატი ეკა ბესელია კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას ამერიკაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვის შესახებ არასერიოზულს უწოდებს. 

"განცხადების შინაარსი არ არის სერიოზული და არარეალურია, მოთხოვნაც ძალიან არასერიოზულია, რაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კეთდება. ბიძინა ივანიშვილი დღეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას, ასეთი მოთხოვნა და შეფასება არის სრულიად არარეალური. ეს არის შეუსაბამო თავად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის", - თქვა ბესელიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე კონგრესმენმა სტივ რასელმა მომავალ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია და საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მომავალი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას შეეცდება. სტივ რასელი ივანიშვილისა და სხვა პირებისთვის აშშ-ში აქტივების გაყინვის ინიციატივით გამოდის. ასევე მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, კარგად დააკვირდეს ოქტომბრის არჩევნებს. ის ასევე მიმართავს დასავლელ ჟურნალისტებს, არჩევნებამდე დარჩენილ თვეებს დააკვირდნენ, გამოიძიონ და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები საქართველოში.

კომენტარები