რუსთავი 2-ის საქმე

ხოშტარია: R2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არჩევნების ლეგიტიმურობაზე უარია

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის გამოცლას ნიშნავს. ხოშტარია მმართველი გუნდის შემცირებულ რეიტინგზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ მთავრობამ შემცირებული რეიტინგის სანაცვლოდ არჩევნების წინ რუსთავი 2-ის ოპოზიციური ხმა ჩაახშო ამას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

"რაც შეეხება რუსთავი 2-ის საქმეს და სააპელაციო სასამართლოს საგანგაშო სიგნალებს, თუ ჩვენ შევხედავთ იმას თუ როგორი ბუნების არის ეს ხელისუფლება ამ ოთხი წლის მანძილზე გვქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგრამა. გაანადგუროს ოპოზიციური პარტია, დაიჭიროს, ჩაახშოს იგივე რუსთავი 2. კონსტრუქციული დღის წესრიგი ამ მთავრობას არ ჰქონია და ყოველთვის როდესაც NDI-ის ან IRI-ის კვლევები ჩნდება, მუდმივად არის შიში, რომ მთავრობა რაღაც ნეგატიურს გამოუშვებს, ეს შეიძლება იყოს წამების კადრების ვიდეოჩვენებები რაც მათ გააკეთეს რეგიონებში. და სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ ახლა რადგანაც მათ ესმით რომ წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავი 2-ის ოპოზიციური ხმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ხედავენ, რომ კრედიტს კარგავენ და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მათ ეს მოუნდეთ. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ნიშნავს პირდაპირ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის გამოცლას. ვერანაირად ჩაითვლება 2016 წლის არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად, თუკი ამ პერიოდში რუსთავი 2 გაჩუმდება." - შაბათის კურიერში ამბობს ელენე ხოშტარია. 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის ადვოკატების უნდობლობა პირველივე სხდომის შემდეგ დაიმსახურა. სამაუწყებლო კომპანიის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ, საქალაქოს მსგავსად მაღალი სისწრაფით დაიწყო. ნიკა გვარამია იმ რისკებზე საუბრობს, რაც საქმეზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოში მსგავსი დავები როგორც წესი საკმაოდ დიდი დროის მანძილზე მიმდინარეობს. თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა კი სააპელაციო სასამართლომ მაღალი სიჩქარით დაიწყო. საძაგლიშვილის შეფასებით, საქმის სწრაფად დასრულება მხოლოდ ქიბარ ხალვაშისა და მთავრობის ინტერესებში შედის. 

"ჩვენ მიერ სააპელაციო საჩივარის შეტანის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა მოსამართლეთა კოლეგია ვისაც ეს საქმე უნდა განეხილა. რაც გვიჩენს საკმაოდ გონივრულ ეჭვს, რომ მთავრობა ცდილობს ეს საქმე დაეწეროს ისეთ მოსამართლეს, რომელიც მიიღებს არა კანონიერ გადაწყვეტილებას, არამედ იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც დაადუმებს ხელისუფლებისადმი კრიტიკულ დამოუკიდებელ ტელევიზიას. სააპელაციო სასამართლო იხილავს ორი ტიპის საჩივარს ერთი არის უზრუნველყოფის ნაწილი, რაც ეხება ტელეკომპანია საქართველოს დადებულ ყადაღას. ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვადები და მიუხედავად იმისა, რომ პასუხი უნდა ყოფილიყო ჩვენ საჩივარზე იანვრის დასაწყისში დღემდე არ აქვს სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება. მეორე სააპელაციო საჩივარზე კი რომელიც ეხება რუსთავი ორის მესაკუთრეთა დადგენას აქ პირიქით სააპელაციო სასამართლო ჩქარობს, ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს საქმე, რაც ცხადია შედის ქიბარ ხალვაშისა და მთავრობის ინტერესში." - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

რუსთავი 2-ის შუამდგომლობები პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 27 აპრილს გაგრძელდება. კოლეგია მხარეების სააპელაციო საჩივრებს მოისმენს.

კომენტარები