აუდიტორია 115

მთავრობა: პრემიერის დიალოგი სტუდენტთა ჯგუფებთან მომავალშიც გაგრძელდება

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება. აუდიტორია 115-თან შეხვედრის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

"გიორგი კვირიკაშვილი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება. ამ მიზანს ემსახურება პრემიერის შეხვედრა „აუდიტორია 115"-ის წევრებთან და დიალოგი სტუდენტთა ჯგუფებთან, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობა პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმა, რომელიც უფრო მაღალ ჩართულობას გულისხმობს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

პროცესის მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობა მასში ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართვისთვის მზად არის. დიალოგისა და ჩართულობის შედეგად, მისაღები კანონმდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რასაც საჯარო განხილვები მოჰყვება. პრემიერ-მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო განხილვების პროცესში პირადად ჩაერთოს" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები