კანონის უზენაესობა

სააკაშვილი: საქართველომ მოსამართლეებად უცხოელი პროფესიონალები უნდა მოიწვიოს

newamerica.org

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებული ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდგომ, სასამართლო სისტემის სრული რეფორმირება უნდა მოხდეს, რომელშიც უცხოელი სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართული. სააკაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის ზედა რგოლებზე უცხოელი, მოუსყიდავი პროფესიონალების მოწვევა ქვეყანაში კანონის უზენაესობას გაზრდის.

"უკრაინელებმა რაც გააკეთეს, როდესაც მოიწვიეს უცხოეთიდან მინისტრები ვფიქრობ რომ იყო ძალიან სწორი. მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში უნდა იყვნენ ჩართული უცხოელები, მოვიწვიოთ უცხოელები ინგლისელები, მოვიწვიოთ ამერიკელები, გერმანელები. ის ადამიანები რომლებსაც ვერავინ მოისყიდის, ვისაც ჩვენ მივცემთ მაღალ ხელფასს, ღირს ნამდვილად ამაში მაღალი ხელფასის გადახდა. რაც მართლა ვერ შევცვალეთ იყო სასამართლო სისტემა. ახლა კი როგორც მესმის სულ აიწყვიტეს და სამოქალაქო საქმეებში ფული კეთდება, სისხლის სამართლებრივ სასამართლოს როგორც იყენებენ კი ყველამ ნახა. ჩამოვიყვანოთ უცხოელები, ინგლისელებმა განგვსაჯონ, ცოტა ხანი, მერე ქართველებიც ისწავლიან. მაგალითად ადრე არქიტექტორები უცხოელები ჩამოგვყავდა, მაგრამ შემდეგ ქართველი არქიტექტორები ყველა მოწვეულ სპეციალისტებს სჯობდნენ. ასე ამ მიდგომით ხუთ ექვს წელიწადში ისეთ ქართველ მოსამართლეებს გავზრდით, რომ ინგლისელებზე ნაკლებად ობიექტურები არ იქნებიან. ახლა ამ ეტაპზე მოდით ჩამოვიყვანოთ და შიშები მოვხსნათ, რომ არ არსებობდეს ეჭვები, რომ მთავრობების ცვლილებასთან ერთად ხალხში არ იყოს ეჭვები, რომ ახალი მთავრობაც წინა მთავრობების მსგავსად მისთვის ხელსაყრელ პროკურორებსა და მოსამართლეებს დანიშნავს."- P.S.-თან საუბარში ამბობს სააკაშვილი. 

ტაბულამ სასამართლო სისტემაში უცხოელი სპეციალისტების მოწვევასთან დაკავშირებით კითხვა საქართველოში ვიზიტით მყოფ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეკონომისტსა და ინოვატორს ერნანდო დე სოტოს დაუსვა. დე სოტოს აზრით, მსგავსი მიდგომა უკვე მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და ის სასამართლო სისტემაში მეტი ობიექტურობის შეტანის საშუალებას იძლევა. 

"ფაქტია, რომ სასამართლო სისტემის აუთსორისნგი არსებული ტრენდია და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზა არის. უცხოელი სპეციალისტების მოწვევით ქვეყანა აჩვენებს, რომ მისთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემის აუთსორსინგი უახლოეს წლებში საკმაოდ ფართო გზას ჰპოვებს. სასამართლო არის ის რის შესახებაც გადაწყვეტილებები სუვერენულმა სახელმწიფომ თავად უნდა მიიღოს, ეს ქვეყნის შიდა საქმეა, მაგრამ მასში უცხოელი პროფესიონალების დამატებით სისტემა იძენს მეტ სანდოობას, შემოდის განსხვავებული და ობიექტური ხედვა იმის შესახებ თუ როგორ უნდა გადაწყდეს დავები და ამ გზით განვითარებად ქვეყანას უახლესი დასავლური სასამართლო პრაქტიკის დანერგვა შეუძლია." - ამბობს ერნანდო დე სოტო.

კომენტარები