მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ჭკუასელი: დიდი ამბავი მოხდება ქუთაისში, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია რომ მოხდეს

თემურ ჭკუასელი
ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი თემურ ჭკუასელი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ეცდება გუნდში მხარდაჭერის კონსოლიდაციას მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. ჭკუასელი ერთ-ერთია ქართული ოცნებიდან, რომელმაც "გირჩის" კანონპროექტს დეკრიმინალიზაციაზე მხარი არ დაუჭირა, ტაბულა დაინტერესდა, რამდენად შეიცვლის ის აზრს მომავალში.

"მე არაფერს არ ვაპირებ. მე თავად ამის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ იმ სახით, როგორც ხდება, მაგაზე არ ვარ თანახმა. ძალიან ბევრი ადამიანი მყავს მეგობარი და ნაცნობი მთელს საქართველოში და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მოსახლეობას - მაგალითად, მთელი ქუთაისი მელაპარაკება, რომ ძალიან დიდი ამბავი მოხდება ქუთაისში, ეს რომ მოხდეს. როგორც წესი, დასჯა არ არის გამოსავალი არაფერში იმიტომ, რომ ვისაც აქვს მიდრეკილება, მაინც აკეთებს. მაგრამ როდესაც ამის დეკრიმინალიზაცია მოხდება, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება ძალიან - 2-ჯერ და 3-ჯერ, იმიტომ, რომ ინტერესი აქვთ ახალგაზრდებს და ახლა თუ რაღაც აკავებთ, მერე არაფერი დააკავებთ. მერე, როგორც წესი, აქედან ერთი ნაბიჯია უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებისკენ. მე ერთადერთი სურვილი მამოძრავებს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება, ცოტა ახალგაზრდა იყოს ნარკოტიკული გავლენის ქვეშ და მიდრეკილება ჰქონდეს მაქეთკენ. თორემ ზოგადად, არავის დაჭერის მომხრე არ ვარ", - თქვა ჭკუასელმა ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები