ბოტანიკური ბაღი

ენმ: ბოტანიკური ბაღის დასაცავად სამართლებრივ გზებსაც მივმართავთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას აპროტესტებს და საპროტესტო აქციების განახლებას აპირებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, საპროტესტო აქციების გარდა, დავა სამართლებრივ ჭრილშიც გადავა. მისი განცხადებით, დავით ნარმანიამ 21 აპრილს გასცა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ფინსერვისის საკუთრებაში არსებულ 10 ჰექტარზე, მათ შორის ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარზე, მშენებლობის ნებართვა ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა, დავით ნარმანიამ უკვე გასცა 21 აპრილს სპეციალური ნებართვა იქ სასტუმროს მშენებლობის, რაც არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ასე რომ, ქუჩაში საპროტესტო აქციების გარდა, ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებსაც ბოტანიკური ბაღის დასაცავად და იმ უკანანო ბრძანებას, რომელიც დავით ნარმანიამ გამოსცა, აუცილებლად გავაუქმებინებთ", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით კი, თუკი ივანიშვილი უარს არ იტყვის თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან 29 ჰექტარის საკუთრებაში წაღებაზე, დაიწყება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და ეს ტერიტორია მაინც დაბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში.

"იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი არ შეაჩერებს აუქციონს და მაინც მიიტაცებს იმ 29 ჰექტარს, ბუნებრივია, დაიწყება ძალიან დიდი, ფართომასშტაბიანი საპროტესტი აქციები, რომლებიც აუცილებლად დასრულდება, ყოველ მიზეზგარეშე, ამ 29 ჰექტარის სახელმწიფო საკუთრებაში დაბუნებით. ამიტომ არჩევანი არის ივანიშვილზე. მას შეუძლია ჩააცხროს ეს ვნებათაღელვა ან პირიქით, ხელი შეუწყოს დიდი, მძლავრი სამოქალაქო პროტესტის აგორებს დედაქალაქში", - თქვა ნიკა მელიამ.

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს ფინსერვის XXI ბოტანიკური ბაღის 4 ჰა ტერიტორია გადაეცა. ინფორმაცია თავდაპირველად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია თავის ბიზნესცენტრს მიუერთა. შპს ფინსერვის XXI-ის და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განმარტებებით, მოხდა საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი "უსარგებლო, ხრიოკი, ქვა-ღორღიანი მიწის ნაკვეთი" თაბორის მთის ტერიტორიაში გაცვალეს. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს გაცვლა ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და სასარგებლოა. შპს ფინსერვისის მტკიცებით კი, ბოტანიკურ ბაღში ინვესტიცია განხორციელდა. თბილისის მერიის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას გაუცვალეს, ძეგლის სტატუსი არ აქვს.

გარდა ამისა, თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის გასხვისებული 4 ჰექტარის მახლობლად 29.7 ჰექტარის მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწის გასხვისების მიზანს იქ მრავალსართულიანი სასტუმროსა და ბიზნესკომპლექსის მოწყობა წარმოადგენს. მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება 6233000,00 ლარია.

კომენტარები