ბოტანიკური ბაღი

"ივანიშვილის მიერ ქალაქის აოხრების წინააღმდეგ", აქციები დაიწყება

ტაბულა


სამოქალაქო სექტორი თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებას აპროტესტებს და მომავალი კვირიდან საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი სულხან სალაძე ამბობს, რომ მათ მიმართეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მოსთხოვეს, ელექტრონულად მიაწოდონ თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.


"ჩვენ უკვე მივმართეთ საქათველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მოვთხოვეთ, რომ ელექტრონულად მოგვაწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაკავრებულია თბილისის ბოტანიკურ ბაღთან. თუკი ვსაუბრობთ კულტურულ ძეგლზე, მერიას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, გასხვისება ტერიოტორიის, გადაცემა, მიუხედავად იმისა, როგორია ეს ტერიტორია, ვაკე თუ ქვა-ღორღიანი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ძეგლი არის ძეგლი. ამიტომაც ვამბობთ, რომ არ არის ღია, არ არის გამჭვირვალე და მსგავსი პროცესები, რომლებიც არაა ღია და გამჭვირვალე, ბადებს დამატებით კითხვებს", - ამბობს სალაძე.


დაგეგმარების და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის ცირა ელისაშვილის თქმით, ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და ის კანონმდებლობით არის დაცული.


"უფრო მეტიც, მაშინ არსებობდა ეროვნული კატეგორია და სწორედ ეს ეროვნული კატეგორია აქვს ბოტანიკურ ბაღს მინიჭებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ასეთ ობიექტს, რომელსაც სამართლებრივად აქვს ძეგლის სტატუსი, იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.


პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც შემდეგი კვირიდან დაიწყება იქნება, ივანიშვილის მიერ "ქალაქის აოხრების" წინააღმდეგ.


"ივანიშვილს ჩვენ არ ვთვლით [ადამიანად], რომელთანაც შეიძლება პრეტენზია გქონდეს. ის არის მორიგი არაადამიანი, რომელსაც უბრალოდ, აქვს ბევრი ფული. ჩვენ ვართ აღშფოთებული იმ მთავრობით, რომელიც არის ხალხის არჩეული და რომელიც ივანიშვილის ყველა სურვილს ასრულებს. აქცია იქნება ერთობლივად ივანიშვილის მიერ ქალაქის აოხრების წინააღმდეგ. ეს იქნება ოკუპაციის, ოკუპანტის და დამპყრობელის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა თბილისის გადასარჩენად", - თქვა მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს ფინსერვის XXI ბოტანიკური ბაღის 4ჰა ტერიტორია გადაეცა. ინფორმაცია თავდაპირველად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია თავის ბიზნესცენტრს მიუერთა.


შპს ფინსერვის XXI-ის და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განმარტებებით, მოხდა საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი "უსარგებლო, ხრიოკი, ქვა-ღორღიანი მიწის ნაკვეთი" თაბორის მთის ტერიტორიაში გაცვალეს. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციააცხადებს, რომ ეს გაცვლა ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და სასარგებლოა. შპს ფინსერვისის მტკიცებით კი, ბოტანიკურ ბაღში ინვესტიცია განხორციელდა.


თბილისის მერიის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას გაუცვალეს, ძეგლის სტატუსი არ აქვს.

კომენტარები