პრემიერის ვიზიტი ამერიკაში

კვირიკაშვილი: ქუთაისი უნდა გახდეს ისეთივე სატრანსპორტო ჰაბი, როგორიც ჩიკაგოა

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკაში ქართველ სტუდენტებს ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ და სვანეთისკენ მიმავალი გზა ამ ქალაქის მნიშვნელოვან ფუნქციას განამტკიცებს და ქუთაისი გახდება ისეთივე სატრანპორტო და ლოგისტიკური ჰაბი საქართველოსთვის, როგირიც ჩიკაგოა აშშ-სთვის.

"მეოთხე მნიშვნელოვანი ბლოკი გახლავთ ინფრასტრუქტურული ანუ სივრცითი განვითარების რეფორმა. ეს არის ძირითადი ხერხემალი ინფრასტრუქტურის, რომელიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, მცხეთა-ლარსის შემაერთებელი მაგისტრალი, თბილისიდან აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით ძირითადი მაგისტრალი და თბილისიდან კახეთის მიმართულებით აზერბაიჯანთან ასევე მეორე მაგისტრალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს სრულფასოვნად. ამას გარდა, კიდევ იგეგმება ქუთაისის შემაერთებელი გზა სამხრეთ საქართველოსთან და ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით. რატომ არის ეს საჭირო? უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ სატრანზიტო ფუნქცია იქნას შესრულებული და ასევე იმისთვის, რომ ქუთაისი გახდეს საქართველოს ისეთივე ჰაბი, მაგალითად, როგორიც არის ჩიკაგო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი. ქუთაისიდან ამ ინფრასტრუქტურული პაკეტის განხორციელების მერე საათი-საათნახევრის მანძილზე იქნება ყველა ის ძირითადი პუნქტი, რომელიც შესაძლოა, საინტერესო იყოს როგორც ტურისტისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ქუთაისის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის, ფუნქციას კიდევ უფრო განამტკიცებს", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები