ენმ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების წესს აქვეყნებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების ახალ წესს აქვეყნებს.

როგორც ოპოზიციური პარტია იუწყება, სია ოთხ პრინციპს დაეფუძნება. ესენია: განახლება, განგრძობადობა, წარმომადგენლობითობა, გამჭვირვალობა.

პარტიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაწერილია სიის ყოველი სამი ათეულის ფორმირების წესი. მისი მიხედვით, სიაში პიროვნებები ცენტრალური ოფისისა და პარტიის რეგიონალური გაერთიანებების ქვოტებით მოხვდებიან. ყოველი 30 კანდიდატიდან ცენტრალურ ოფისს 14, რეგიონალურ გაერთიანებებს კი 16 ადგილი დაეთმობა. რეგიონალური გაერთიანების ქვოტის კანდიდატებს შესაბამის რეგიონში შემავალი პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები ამტკიცებენ.

ცენტრალური ოფისის და რეგიონალური გაერთიანებების წარმომადგენლები სიაში მიმდევრობით განთავსდებიან. პირველ ათეულში პირველი ნომერი ცენტრალური ოფისის წარმომადგენელი იქნება, მეორე - რეგიონების ქვოტის, მესამე - ისევ ცენტრალური ოფისის და ა.შ. 10-ის ჩათვლით. მეორე ათეულის პირველი ადგილი რეგიონის წარმომადგენელს დაეთმობა.

რეგიონებს შორის ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდება: რანჟირებისთვის პარტია სპეციალურ კოეფიციენტს გამოიყენებს, რომელიც შედგება სამი კომპონენტის ნამრავლისგან. ესენია რეგიონის სიდიდე, მასში შემავალი პარტიული ორგანიზაციების მიერ 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში პროპორციული სიით ნაჩვენები შედეგები და ამავე არჩევნებზე მერის/გამგებლის ნაწილში პირველ ტურში ნაჩვენები შედეგები.

პარტიული სიის მეოთხე ათეული გაიხსნება იმ რეგიონების წარმომადგენლებით, რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილი პირველ სამათეულში და რომელთა კოეფიციენტიც გარკვეულ მონაცემს აღემატება. მსგავსი პრინციპით გაიხსნება მეხუთე ათეულიც.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სიას საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენენ.

კომენტარები