NATO-რუსეთის ურთიერთობა

სტოლტენბერგი: ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე სამხედრო დანაყოფებს გავაფართოვებთ

northcountrypublicradio

Die Welt-თან ინტერვიუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO რუსეთის ქმედებებზე ძალითა და მტკიცე შემაკავებელი ფაქტორებით უნდა რეაგირებდეს, რაც ბალტიისპირეთში ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.

"მოსკოვმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, მხარი დაუჭირა სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში და ამით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. შესაბამისად, ჩვენ გავაფართოვებთ სამხედრო დანაყოფებს ალიანსის აღმოსავლეთის საზღვრებზე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარეობს გეგმის განხილვა, რომლის მიხედვითაც ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასა და პოლონეთში გაიგზავნება საერთაშორისო ბატალიონები, რომლებიც როტაციული პრინციპით იმოქმედებენ. თუმცა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი ქვეყნები ივლისში, ვარშავის სამიტზე მიიღებენ.

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრს თავს დაესხმება, თუმცა, მისი თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს მისი წევრი ქვეყნებისთვის სრული სოლიდარობა გამოცხადებისა და შეკავების პოლიტიკის გასატარებლად.

სტოლტენბერგმა ისიც აღნიშნა, რომ NATO რუსეთთან კონფრონტაციით ან ცივი ომის გამეორებით დაინტერესებული არ არის.

კომენტარები