სამინისტრო: 1 მაისის მდგომარეობით, სიაში 3.53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. უწყების ინფორმაციით, 1 მაისის მდგომარეობით, სიაში 3.53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტი 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

"ამ პერიოდში, აუცილებელია, რომ იმ ამომრჩეველმა, რომელსაც არ აქვს არც პირადობის მოწმობა და არც ბიომეტრიული პასპორტი (სავარაუდოდ 64 600 პირი) ან მოხსნილია რეგისტრაციიდან და შეჩერებული/გაუქმებული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება (სავარაუდოდ 98 727 პირი), მიმართოს იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს უფასოდ პირადობის მოწმობა და ამ გზით აღადგინოს თავი საარჩევნო სიაში.

რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები), მათ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე პუნქტი „ე" ქვეუნქტი და მე-5 მუხლის პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ითვალისწინებს.

"საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2", 2016 წლის 26 მაისიდან ახალ კომპონენტსაც შეიძენს. კერძოდ, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით პირადობის მოწმობის აღება იქნება უფასო, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები