ბოტანიკური ბაღი

მელია მერიას და ივანიშვილს: შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი

ნიკა მელია
epn.ge

ენმ-ის წევრი ნიკა მელია მერიასა და ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღის 29ჰა ტერიტორიასთან დაკავშირებული აუქციონის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა.

"მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, დღეს თბილისის მერია 15:00 საათზე ჯიუტად ატარებს აუქციონს, რომელზეც იგეგმება ბიძინა ივანიშვილისთვის დანაშაულებრივად, წინასწარი შეთანხმებით და უამრავი სხვადასხვა პროცედურული დარღვევით იმ 29 ჰექტარის გადაცემა, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა თბილისისა და თბილისელებისთვის საგზაო-სამშენებლო სამუშაოები. სწორედ ეს 29 ჰექტარი დღეს ცალკე ლოტადაა გამოტანილი აუქციონზე.

ასევე, მოგეხსენებათ, წინა სამშაბათს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონმა ივანიშვილმა აბსოლუტურად მალულად უნიკალური თბილისის ბოტანიკური ბაღისგან მიიტაცა 4 ჰა ტერიტორია ისე, რომ ამის შესახებ ამ ქალაქში არავინ, გარდა ბოტანიკურის ადმინისტრაციისა, მერიის მაღალჩინოსნებისა და თავად ივანიშვილისა, საქმის კურსში არ იყო. 

დღეს ივანიშვილი შუაგულ თბილისში, 29 ჰა სახელმწიფო ტერიტორიის კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებას აპირებს. საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომლის რეალიზაციაც არცერთ წინა მთავრობას აზრადაც არ მოსვლია, რადგან ეს ის ტერიტორიაა, რომელიც არ იყიდება. მაგალითად, შეუძლებელია გაიყიდოს რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი. სწორედ ასეთი ღირებულების ტერიტორიაზეა ლაპარაკი. უკანასკნელად მინდა, მივმართო მერიას და ივანიშვილს, შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი",- ამბობს მელია.

მელიას თქმით, მერია 29ჰა ტერიტორიის ივანიშვილისთვის მიყიდვას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ, 6 მილიონად აპირებს.

აღსანიშნავია, რომ 24 არასამთავრობო ორგანიზაცია ტერიტორიის მიყიდვის გასაპროტესტებლად აქციების ციკლს გეგმავს. ისინი შენობების პიკეტირებასა და ქალაქის პარალიზებას აპირებენ.

კომენტარები