ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გაიყიდა

ტაბულა

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ფართობის აუქციონი დაასრულა. ნაკვეთი ონლაინ აუქციონზე 6,326,495 ლარად გაიყიდა. აუქციონზე ჯერჯერობით ქონების მფლობელის ვინაობა მითითებული არაა, თუმცა ქონების სავარაუდო მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, მან ქონების საწყის ფასთან ერთი ბიჯი გააკეთა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწის გასხვისების მიზანს იქ მრავალსართულიანი სასტუმროსა და ბიზნესკომპლექსის მოწყობა წარმოადგენს.

მერიის აუქციონის პირობები ასე გამოიყურება:

1) სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდა რვა) თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 (ოცი ათასი) კვ.მ.

2) სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

აუქციონის გასაპროტესტებლად მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აუქციონის მსვევლობას ონლაინ რეჟიმში აკვირდებოდნენ. 

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია ოლდ სიტი დეველოპმენტი პანორამა თბილისის პროექტს უკვე ახორციელებს, რისთვისაც კომპანიამ სოლოლაკის ქედის ნაწილი გადაჭრა, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. 

კომენტარები