ბოტანიკური ბაღი

ქარსელაძე: ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29ჰა ტერიტორიაზე გოლფ კლუბი მოეწყობა

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდის შვილობილმა კომპანიამ შეიძინა - ამის შესახებ განცხადება თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა.

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ფართობი აუქციონზე 6 326 495 ლარად გაყიდა.

ქარსელაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გოლფ კლუბის მოწყობა იგეგმება. 

"სპორტული ინფრასტრუქტურის იდეა არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ამ მომენტისთვის, გარკვეული იდეის დონეზე გვაქვს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ბუნებასთან ყველაზე შერწყმული სპორტის სახეობა, რომელიც, ფაქტობრივად, ძალიან მწირე რაოდენობის, თუ საერთოდ ითხოვს ნაგებობებს, არის გოლფი. თავის თავში გოლფი თვითონ წარმოადგენს ამ შემთხვევაში უკვე მწვანე საფარს, რომელიც ბრწყინვალედ არის მოწყობილი და ბრწყინვალედ უნდა იქნას შენახული. ამ შემთხვევაში საუბარია იმ შრეებიან ირიგაციაზე, იმ შრეებიან სისტემებზე, რომლებიც აუცილებელია, როგორც დრენაჟისათვის, ასევე სხვა დანიშნულებებისათვის.

ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება გოლფი როგორც ყველასათვის ხელმისაწვდომი, საინტერესო იქნება როგორც უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც მხოლოდ ინტერესი აქვს, რამეთუ ჩვენი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ თვითოეულ თბილისელს, ქალაქის მკვიდრს, სტუმარს, მიეცეს თავისუფალი შესაძლებლობა, დაკავდეს, შეისწავლოს ან ელემენტარულად გაატაროს დრო. ჩვენს წარმოდგენაში გოლფი არის ის შემადგენელი იმ რეკრეაციის, რომელიც თავის თავში ითვალისწინებს როგორც მწვანე ბუნებას, ასევე იმ ბილიკებს", - განაცხადა ქარსელაძემ.

 

კომენტარები