ეკონომიკური ზრდა

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ზრდა უფრო მაღალი იქნება ვიდრე IMF ვარაუდობს

.nbg.gov.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ფონდის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5% იქნება. სავალუტო ფონდის პროგნოზს არ ეთანხმებიან მთავრობასა და ეროვნულ ბანკში. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მათ მიერ პროგნოზირებულ 3%-თან უფრო ახლოს იქნება.

"IMF გადაწყვეტილებებს იღებს გლობალური შეფასებების შედეგად. ის გლობალურად აფასებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. რეგიონში მდგომარეობა გაუარესდა, შესაბამისად, ჩვენთანაც შეამცირეს ზრდის პროგნოზი. ჩვენ ვთვლით, რომ 3% უფრო ახლოს არის რეალობასთან", - ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში რეალობასთან უფრო ახლოს IMF-ის პროგნოზი იყო, რადგანაც ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობის მიერ დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად 2.3% შეადგინა. 2016 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა 0.8% იყო, თებერვალში 2.6% გახდა, მარტში კი მან 3.4% შეადგინა. თუ ზრდა ამ ტემპებით გაგრძელდა მაშინ ქვეყანაში დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გახდება შესაძლებელი. 

სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს საქართველოში სამომხმარებლო ფასების ცვლილება (ინფლაცია) 4.3% იქნება 2017 წელს კი ინფლაციის პროგნოზი 4.5% იქნება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი წელს 4.5%-5%-იან ინფლაციას ელოდება. 

IMF რეგიონის ქვეყნებიდან რამდენიმეში უარყოფით ეკონომიკურ ზრდას ელოდება, მათ შორისაა რუსეთი და აზერბაიჯანიც, რაც სავარაუდოდ საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას. რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - (-1.8%)
  • აზერბაიჯანი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - (-3%)
  • ბელორუსი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - (-2.7%)
  • ყაზახეთი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - 0.8%
  • სომხეთი 2016 წელი მშპ-ის ზრდა - 1.8%
  • უკრაინა 2016 წელი მშპ-ის ზრდა - 1.5%

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები