უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შესაძლოა, მმართველ გუნდში მხარი არ დაუჭირონ. ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილსა და ნონა თოდუას მხოლოდ კომიტეტებზე მოუსმინეს, პლენარული სხდომის ფორმატში კი არ უმსჯელიათ. 

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარმოდგენა ისე მოხდა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონია კონსულტაცია პარლმენტთან, პარლამენტის უმრავლესობასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. საბოლოო შედეგი მაინც პარლამენტში დგება. რა თქმა უნდა, კანდიდატურების წარმოდგენა პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ვფიქრობ, არსებული კანდიდატების თაობაზე არა თუ მიზანშეწონილია, არამედ აუცილებელია წინასწარი კონსულტაციები. დისკრეციის ასე ცალსახად ხისტად გამოყენება, სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია", - ამბობს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი.

დამატებითი კონსულტაციების საჭიროებაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელიაც.

აღსანიშნავია, რომ ანა დოლიძეს იურიდიულმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებმა 7 მარტს მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს. თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კი მხოლოდ ლალიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საკითხს პარლამენტში განვითარება არ მოჰყოლია.

კომენტარები