უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

კოჟორიძე: პრეზიდენტი მოსამართლეობის კანდიდატებით არ ვაჭრობს

კახა კოჟორიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები არ გაიმართოს, რადგან სასამართლო პოლიტიკისგან თავისუფალი ინსტიტუტია.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს არ ვაჭრობს. ჩემთვის მართლაც გაუგებარია აღნიშნული განცხადება. გაუგებარია იმიტომ, რომ კანდიდატები პრეზიდენტის მიერ არის უკვე დასახელებული, მეორე იმიტომ, რომ ამ კანდიდატთან დაკავშირებით საპარლამენტო საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია და მესამე და მთავარი - საქართველოს პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები თუ კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართოს. უზენაესის სასამართლო უნდა იყოს არბიტრი, შემფასებელი, პოლიტიკისგან გვერდით მდგომი ინსტიტუტი და, შესაბამისად, ის არ უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში, ამიტომ კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის თუ კულუარული შეთანხმებების და კონსულტაციების საგანი",- თქვა კახა კოჟორიძემ.

ცნობისათვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შესაძლოა, მმართველ გუნდში მხარი არ დაუჭირონ. ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილსა და ნონა თოდუას მხოლოდ კომიტეტებზე მოუსმინეს, პლენარული სხდომის ფორმატში კი არ უმსჯელიათ.

ქართული ოცნების წევრის გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს არ ჰქონია კონსულტაციები პარლამენტთან, საპარალემენტო უმრავლესობასთან და მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატურების წარმოდგენა პრეზიდენტის დისკრეციაა, მისი მხრიდან დისკრეციის ასე ცალსახად ხისტად გამოყენება არასწორი გადაწყვეტილებაა.

დამატებითი კონსულტაციების საჭიროებაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელიაც.

აღსანიშნავია, რომ ანა დოლიძეს იურიდიულმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებმა 7 მარტს მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს. თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კი მხოლოდ ლალიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საკითხს პარლამენტში განვითარება არ მოჰყოლია.

კომენტარები