სტარტაპი

პრემიერი: სტარტაპების დაფინანსების პროგრამა ერთ თვეში დაიწყება

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი ერთი თვეში ტექნოპარკის შენობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც პრემიერი ამბობს, დაფინანსება საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით მოხდება. მისივე განმარტებით, საწყისი ბიუჯეტი 11, ხოლო საბოლოო 35 მილიონი ლარი იქნება.

"მინდა, გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს გახლავთ ჩვენი რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიაციატივა, რაც ეხება საქართველოში სტარტაპის, ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნას. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ ინსტიტუტის მოქმედების, მუშაობის ძირითად პრინციპებს. ხოლო დღეიდან ერთი თვის თავზე ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პარკის, ახალი ტექნოპარკის შენობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა ოქროყანის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარე იქიდან, რომ იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე.

ამ ინსტიტუტის დაფინანსება ხდება საპარტნიორო ფონდის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით. საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ეს ბიუჯეტი გაიზრდება 35 მილიონ ლარამდე, რაც იძლევა საშუალებას, რომ ამ წლის განმავლობაში ასეთი პროექტების შერჩევის რამდენიმე ეტაპი ჩატარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ პროცესში, ამ ინსტიტუტის სტრუქტურირებაში და შემდგომ მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო პროფესიონალები, აღიარებული ექსპერტები ამ მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროფესიონალური მიდგომის მზაობას და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები