აწარმოე საქართველოში

პრემიერი მინისტრებს: ახალ საწარმოებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ

facebook.com/KvirikashviliOfficial

"აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მთავრობის სხდომაზე დღეს კიდევ სამ პროექტს განიხილავენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დასაწყისში ისაუბრა.

"დღეს კიდევ გამოგვაქვს 3 პროექტი: ეს არის მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული პროექტი, რომელსაც სოფელ მარტყოფში განახორციელებს კომპანია "მარტყოფის ბაგა". 2.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალსიწინებული ამ კომპანიის მხრიდან. ასევე, დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმო-კომბინატი, სადაც მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემა, სადაც მინერალური პროდუქტების საწარმო აშენდება, დაახლოებით 200 ათას ლარამდე ინვესტიციაა გათვალსიწინებული. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ვფიქრობთ, რომ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება", - თქვა პრემიერმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს მოუწოდა, საზოგადოებას ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

"მე მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ კომპანიების თაობაზე ინფორმაციის ჩვენს საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის იმისთვის განსაზღვრული, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ძალიან ხშირად საჭიროა, ალბათ, მეტი ინფორმაციის მიტანა. მინდა, მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, რომ მან [გადაცემა "არჩევანში"] საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვიცით ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, თუ სხვა რამ, მაგრამ მინდა, რომ ყველა თქვენგანს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ",- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კონტეინერების საწყობის აშენებას ითვალისწინებს. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებას გაუსვა ხაზი.

"დღეს გვაქვს კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ვიხილავთ. ეს არის კომპანია "აისბერგ ფოთი", რომელიც ახალი კონტეინერების საწყობს აშენებს შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე. კონტეინერების გადაზიდვები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვნად და სწრაფად იზრდება და ასეთი ტიპის ლოგისტიკური ცენტრების საჭიროება სულ უფრო და უფრო მატულობს, რაციმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განხორციელება, რეალიზაცია ამ პოტენციალის თანდათან უფრო და უფრო მეტად ხდება.

საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება პირდაპირ მიუთითებს საქართველოში დასაქმებულთა მატებაზე, ვინაიდან არსებობს ძალიან ძლიერი კავშირი გადაზიდული კონტეინერების რაოდენობასა და ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შორის, ანუ თითოეული გადაზიდული კონტეინერი ჩვენი ქვეყნის მეშვეობით, არის ახალი დამატებითი სამუშაო ადგილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია",- თქვა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტისთვის 400 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.

კომენტარები