ეროვნული ბანკი

ბრუნო ბალვანერა: EBRD ეროვნული ბანკის პოლიტიკას მხარს უჭერს

EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ეროვნული ბანკის პოლიტიკას მხარს უჭერს. ბრუნო ბალვანერას თქმით, უცხოური ვალუტის შესყიდვა, რასაც ეროვნული ბანკი ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად აკეთებს, სწორი ნაბიჯია, რადგანაც ამ გზით ქვეყანა სავალუტო რეზერვების დანაკარგებს ივსებს. ბალვანერა ასევე პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, რაც ეროვნულმა ბანკმა აპრილის ბოლოდან დაიწყო.

"ლარის კურსთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ბაზარი იმ მიმართულებით მოძრაობს, რა მიმართულებითაც მან უნდა იმოძრაოს. საკმაოდ პოზიტიური სიახლეა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტო რეზერვების შესყიდვა. ეს ნაბიჯი არის სწორი, რადგანაც ბანკი ეტაპობრივად ბაზარზე არსებული უცხოური ვალუტის შესაყიდვით ავსებს სავალუტო რეზერვების იმ დანაკლისს, რაც გასული წლის მანძილზე დაიხარჯა", - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესყიდვა 17 მარტს ლარის კურსის სწრაფი გამყარების დროს დაიწყო, მას შემდეგ ბანკმა საკუთარი სავალუტო რეზერვები $55 მილიონით გაზარდა. ამ პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 25.5 თეთრით გამყარდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 5.2%-დან 3.2%-მდე შემცირდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შესაძლოა 5-6%-მდე შემცირდეს.

"მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, არის მონეტარული პოლიტიკის შერბილება, მათ რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 7.5%-მდე შეამცირეს და ასევე ვიცით, რომ ისინი ამ მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებასაც გეგმავენ, ასე რომ, ეს მხოლოდ პოზიტიური სიგნალია საქართველოს ეკონომიკისთვის", - აცხადებს ბრუნო ბალვანერა.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი რეზერვებს ყიდულობს.

კომენტარები