თურქეთი

აჰმედ დავუთოღლუმ შესაძლოა, თურქეთის პრემიერის პოსტი დატოვოს

Reuters

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ, ადგილობრივი მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

სავარაუდო გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი დავუთოღლუსა და პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის დაპირისპირებაა.

უახლოეს მომავალში, 15-20 დღეში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია ყრილობას გამართავს, რომელზეც პარტიის ლიდერის არჩევა იგეგმება. გავრცელებული ცნობებით, ამ არჩევნებში დავუთოღლუ მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც ერდოღანმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა და პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. თუმცა, ეს ორი მაღალჩინოსანი 2015 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გარკვეულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან.

როგორც BBC აღნიშნავს, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის განხეთქილება პრეზიდენტის მიერ თურქეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლის სურვილს მოჰყვა. ერდოღანს დაბალანსებული სისტემის საპრეზიდენტო სისტემად ქცევა და პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ძალაუფლების ბალანსის შეცვლა სურს.

BBC-ის ანალიტიკოსის აზრით კი, ევროკომისია ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებაში მთავარ პარტნიორად დავუთოღლუს მიიჩნევს და მისი თანამდებობიდან წასვლა თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესისთვის კარგი არ იქნება.

 

კომენტარები