სტარტაპი

EBRD საქართველოში სტარტაპების დაფინანსების პროექტს მხარს უჭერს

Getty Images

საქართველოს მთავრობა 35 მილიონით ქვეყანაში დამწყები ბიზნესების დახმარების ფონდს ქმნის, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს ყოველგვარი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე მიაწვდის დაფინანსებას. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერს. ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ პროექტის მეშვეობით ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება შესაძლებელი.

"მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის კარგი იდეაა, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ინოვატორებსა და მეწარმეებს. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური აქტივობების საკმაოდ ფართო სპექტრს და მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო სტარტაპებია. ვნახეთ, რომ სახელმწიფომ ააშენა ინოვაციების ცენტრი მთაწმინდაზე და ამ გზით ცდილობს ინოვატორების დახმარებას. სტარტაპები იქნებიან როგორც ახალი ინოვაციური პროექტები, ასევე ახალი ბიზნესები. ამ გზით სახელმწიფო იმ ახალგაზრდებს დაეხმარება, რომლებიც კომპანიების შექმნას ცდილობენ, თუმცა საბანკო დაწესებულებებიდან ვერ იღებენ დაფინანსებას. მეწარმეობის განვითარება კი უმუშევრობის შემცირებას შეუწყობს ხელს", - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

ფონდი ერთ თვეში შეიქმნება და მისი საწყისი ბიუჯეტი 11 მილიონი ლარი იქნება, თუმცა მომავალში მისი 35 მილიონ ლარამდე გაზრდა იგეგმება. დაფინანსების წყარო კი სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საპარტნიორო ფონდი და ქვეყნის ბიუჯეტი იქნება. პრემიერის თქმით, პროექტებს, რომლებმაც ამ ფონდის მეშვეობით უნდა მიიღონ დაფინანსება, უცხოელი პროფესიონალები შეარჩევენ.

სტარტაპები შედარებით რისკიან საინვესტიციო პროექტებს წარმოადგენს, ამიტომაც მათ საბანკო დაფინანსების მოპოვება ხშირად უჭირთ. უცხოეთში არსებობენ კერძო სტარტაპ "გენერატორები", რომელთა მეშვეობითაც დამწყები ბიზნესმენები დაინტერესებულ პირებსა და ინვესტორებს საკუთარ პროექტებს აცნობენ, შედეგად კი მათი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას იღებენ. ასევე არსებობს მსგავსი შინაარსის მქონე ვებგვერდებიც, რომელთა მეშვეობითაც ინოვატორებს კაპიტალის მოზიდვის საშუალება ეძლევათ. უცხოეთში ასევე არსებობს სახელმწიფოს კუთვნილი სტარტაპ ფონდები, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ ძირითადად $60 000-მდე თანხის დაფინანსებებს აძლევენ.

 

კომენტარები