სტარტაპი

მიქაუტაძე: სტარტაპებში სახელმწიფოს მონაწილეობა უმჯობესია, ლიმიტირებული იყოს

commersant.ge

საქართველოს მთავრობა 35 მილიონით ქვეყანაში დამწყები ბიზნესების დახმარების ფონდს ქმნის, რომელიც ინოვატორებს ყოველგვარი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე მიაწვდის დაფინანსებას. საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორი გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ მსგავსი ბიზნესპროექტები ხშირად საკმაოდ რისკიანია, ამიტომაც მათში სახელმწიფოს მონაწილეობა ლიმიტირებული უნდა იყოს.

"როგორც წესი, ასეთი პროექტები რისკიანია და ალბათ მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება მათ შორის წარმატებული, ამიტომაც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა უნდა იყოს ლიმიტირებული და მთელი რისკი არ უნდა აიღოს სახელმწიფომ, თუმცა არც ის აზრია სწორი, რომ მსგავსი პროექტების განვითარებას სახელმწიფოს მხარდაჭერა არ სჭირდება. ვფიქრობ, რომ ლიმიტირებული დახმარება საჭიროა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში ვიმყოფებით და სამწუხაროდ ჩვენი კერძო სექტორი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ამ გამოწვევის მიღებას, ამიტომაც სახელმწიფოსგან ლიმიტირებული დახმარება ცუდი აზრი არ არის", - ამბობს გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე.

ფონდი ერთ თვეში შეიქმნება და მისი საწყისი ბიუჯეტი 11 მილიონი ლარი იქნება, თუმცა მომავალში მისი 35 მილიონ ლარამდე გაზრდა იგეგმება. დაფინანსების წყარო კი სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საპარტნიორო ფონდი და ქვეყნის ბიუჯეტი იქნება. პრემიერის თქმით, პროექტებს, რომლებმაც ამ ფონდის მეშვეობით უნდა მიიღონ დაფინანსება, უცხოელი პროფესიონალები შეარჩევენ.

სტარტაპები შედარებით რისკიან საინვესტიციო პროექტებს წარმოადგენს, ამიტომაც მათ საბანკო დაფინანსების მოპოვება ხშირად უჭირთ. უცხოეთში არსებობს კერძო სტარტაპ "გენერატორები", რომელთა მეშვეობითაც დამწყები ბიზნესმენები დაინტერესებულ პირებსა და ინვესტორებს საკუთარ პროექტებს აცნობენ, შედეგად კი მათ დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას იღებენ. ასევე არსებობს მსგავსი შინაარსის მქონე ვებგვერდებიც, რომელთა მეშვეობითაც ინოვატორებს კაპიტალის მოზიდვის საშუალება ეძლევათ. უცხოეთში ასევე არსებობს სახელმწიფოს კუთვნილი სტარტაპ ფონდები, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ ძირითადად $60 000-მდე თანხის დაფინანსებებს აძლევენ.

კომენტარები