ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტი: ბრძოლას იმპიჩმენტის შემთხვევაშიც კი გავაგრძელებ

AFP

ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბრძოლას იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუ იმპიჩმენტს მოუწყობენ. მისი თქმით, ის, უბრალოდ, უდანაშაულო მსხვერპლია.

რუსეფის იმპიჩმენტის საკითხზე სენატმა გადაწყვეტილება მომავალ კვირას უნდა მიიღოს. იმპიჩმენტის შემთხვევაში, მას უფლებამოსილება შეუჩერდება და იმპიჩმენტზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე, საპრეზიდენტო ოფისის დატოვება 180 დღით მოუწევს.

რუსეფის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მისმა ოპონენტებმა ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებასა და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაში დაადანაშაულეს.

ბრაზილიური მედიის ცნობით, რუსეფის იმპიჩმენტს 81 სენატორის დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს.

ამასთან, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ გენერალური პროკურორის თხოვნის საფუძველზე, დღეს ქვედა პალატის სპიკერ ედუარდო კუნიას მანდატი შეუჩერა.

კუნია, რომელიც რუსეფის იმპიჩმენტის მთავარი მომხრე იყო, მის წინააღმდეგ კორუფციის საკითხზე მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში დაადანაშაულეს.

კომენტარები