კულტურის სამინისტრო

TI: ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები კულტურის სამინისტროში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოიკვლია სამინისტროსა და კულტურის სფეროში მოქმედ ზოგიერთ საჯარო უწყებასთან დაკავშირებული ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კულტურის სამინისტროს პრიორიტეტი საქართველოში ჯაზფესტივალების მოწყობაა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაუსაბუთებლად მაღალი თანხებია გამოყოფილი. ამასთან, მინისტრთან და მის მოადგილეებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოსგან რეგულარულად იღებენ შეკვეთებს, ხშირ შემთხვევაში, კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით.

"საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს საქართველოში ჯაზ ფესტივალების მოწყობა წარმოადგენს, რაც მის წლიურ ბიუჯეტში პირდაპირ არის მითითებული. სამინისტროს მტკიცებით, ჯაზ ფესტივალზე დანახარჯები გამართლებულია ფესტივალის პერიოდში ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო, თუმცა, ტურისტების რაოდენობის ზრდის ანალიზი სამინისტროში არ მიმდინარეობს. ეს მონაცემი განსაკუთრებით საინტერესოა იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა (600 000 ლარი) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ხარჯების (1 808 500 ლარი) მესამედს (33%) შეადგენს; თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის გათვალისწინებული სახსრები კი (400 000 ლარი) საერთაშორისო ფესტივალების და ღონისძიებების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი დაფინანსების (1 670 000 ლარი) მეოთხედია (24%).

საქართველოში კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული 10 კომპანია/ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ისინი კულტურის სფეროში საქმიანობენ და რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან.

საქართველოს კულტურის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსავლებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით იღებენ.

მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (2014 წლის ივლისიდან) დღემდე კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.

საერთო ჯამში 2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების (4 762 767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკთან (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე) დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

შპს "ინთერნეიშენალ ივენთსსა" და "ისთერნ პრომოუშენსის" თანამშრომელთა ნაწილი კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდში პარალელურად არიან დასაქმებული.

კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნების მონაწილეობით, სავარაუდოდ, ხდებოდა მათთან დაკავშირებული კომპანიების კონკურენტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შეშლაც.

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი არის იმ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი მამის კომპანია "ისთერნ პრომოუშენსის" დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნებს;

დავით მენაბდე კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორია და ასევე, 2014 წლის 21 აგვისტოდან 2016 წლის 17 თებერვლამდე სამინისტროს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრიც იყო. იგი ფონდსა და კომისიაში საქმიანობის პერიოდში პარალელურად ასევე ფლობდა "ისთერნ პრომოუშენსის" (45%) და "ინთერნეიშენალ ივენთსის" (47.5%) წილებს და გარკვეული დროით ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორის პოსტიც ეკავა. "ისთერნ პრომოუშენსი" რეგულარულად უკონკურსოდ ფინანსდებოდა სამინისტროდან. ამ გადაწყვეტილებას კი კომისია იღებდა, რომლის წევრიც თავად დავით მენაბდეც იყო.

2015 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების ორგანიზების ფარგლებში "ისთერნ პრომოუშენსი" (რომლის მეწილეები მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრი და ყოფილი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ) დაახლოებით 1 მილიონი ლარით უკონკურსოდ დააფინანსა.

ჯაზ-ფესტივალების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი დაუსაბუთებლად მაღალია. 2014 წელს "შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის" 1 029 164 ლარის ოდენობის ბიუჯეტის დაახლოებით 62,7% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 33,7 % თავად "ისთერნ პრომოუშენსის" მიერ გაწეული ხარჯები იყო, 3,6% კი კერძო დამფინანსებლებიდან (სპონსორები/მხარდამჭერები) მოზიდული. 2015 წელს "შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის" მთლიანი ბიუჯეტი 1 634 539 ლარი იყო, რაც პროექტის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 605 375 ლარით (59%-ით) მეტი დაჯდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2015 წელს ამ ხარჯის 36,9 % გაიღო, თუმცა, ვინაიდან უწყებამ უფრო დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რთულია დაფინანსების სხვა წყაროებისა და მათი პროცენტული წილის განსაზღვრა.

პროექტ "ჰით ბათუმი 2015-ის" ფარგლებში პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 303 990 ლარი შეადგინა. ხოლო უცხოელი მომღერლების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა 909 811 ლარი მიიღო.

შპს "სითი ფესტივალი", რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, დაარსებიდან ერთ თვეში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკონკურსოდ, 365 000 ლარით დააფინანსა", - წერია კვლევაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ კვლევის საფუძველზე შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემა ღია და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, კონკურსის გზით უნდა ხდებოდეს. უწყებამ მაქსიმალურად უნდა აიცილოს თავიდან თანხების პირდაპირი წესით განკარგვა, კონტრაქტორების შერჩევა კი ტენდერის გზით უნდა მოახდინოს;

- სასურველია, გადაიხედოს კულტურის სამინისტორში კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი. შესაძლებელია კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩნენ. ამავდროულად აუცილებელია შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს კომისიის ფარგლებში ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევებს;

- კულტურის სამინისტროს მიერ პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის მთლიანი ღირებულება, მასში საბიუჯეტო დაფინანსების წილი და პროექტიდან ბენეფიციარის მიერ მიღებული პოტენციური შემოსავალი.

- შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები დაინტერესდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერებითა და მიზნობრიობით, ასევე საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტებით.

კომენტარები