კოალიცია ქართული ოცნება

ბერძენიშვილი: პრემიერი კი არ უნდა ეფარებოდეს მეჭიაურს, უნდა გარიცხოს პარტიიდან

ტაბულა

ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ ამერიკულ-ქართულ წვრთნებზე განცხადების გამო თამაზ მეჭიაური პარტიიდან უნდა გაირიცხოს.

"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე. 

როდესაც რამდენიმე დღის დუმილის შემდეგ რესპუბლიკელმა მინისტრმა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მეჭიაურის განცხადება კი არა, პარტია ქართული ოცნების დუმილი აკვირვებს, დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი კი არ არის ქართული ოცნების ხაზი, მაგრამ მას ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს მისი რესპუბლიკელი მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება.

კვირიკაშვილს თუ იმის სურვილი და იმედი აქვს, რომ განაახლოს ქართული ოცნება[როგორც ჩანს, ამის შესაძლებლობა არ აქვს], ის კი არ უნდა ეფარებოდეს ან ფორმალურად ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია ქართული ოცნებიდან", - თქვა დავით ბერძენიშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შერიგების მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ თამაზ მეჭიაურის ნათქვამის შეფასებას გამოეხმაურა. მეჭიაურმა ამერიკულ-ქართულ წვრთნებთან დაკავშირებით თქვა, რომ ამას შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი მოჰყვეს. ზაქარეიშვილის მოსაზრებით კი, მეჭიაურის განცხადებაზე მეტად ქართული ოცნების დუმილია მნიშვნელოვანი. პრემიერი ფიქრობს, რომ მთავრობის წევრის მხრიდან მთავრობისვე კრიტიკა მიუღებელია და თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები აქვს, მან "ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება" უნდა მიიღოს.

კომენტარები