ტრანსპორტი

Gulf Air შესაძლოა, ქართულ ბაზარზე შემოვიდეს

Gulf Air

ბაჰრეინული ავიაკომპანია Gulf Air საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესდა. Gulf Air-ის დელეგაციას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა, შეხვედრაზე მხარეებმა ბაჰრეინიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბაჰრეინის ავიაკომპანია ამჟამად სწავლობს საქართველოს ბაზარს და ეცნობა პოტენციალს, რათა შემდგომში მიღებული იქნას გადაწყვეტილება პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის თაობაზე. 

Gulf Air-ის დელეგაცია საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ტურისტულ კომპანიებთანაც გაიმართება შეხვედრები. 

საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელი 2016 წლის 21 იანვარს "Bahrain International Air Show"-ს ფარგლებში მოეწერა. 

Gulf Air - ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია, რომელიც 1950 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 კონტინენტზე ფრენებს 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს.

კომენტარები