ცესკო-ს სპიკერი: საარჩევნო პერიოდის 8 ივნისს დაწყება 3 მილიონით მეტი დაჯდება

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდის 8 ივნისს დაწყება ბიუჯეტს დაახლოებით 3 მილიონი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე ეს არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაწყების შემთხვევაში მოხდებოდა. მისი თქმით, ამ თანხაში შედის ცესკო-ს აპარატის თანამშრომლების, საოლქო-საარჩევნო კომისიების, ასევე დამატებითი წევრების სახელფასო ანაზღაურება, გარდა ამისა, დამატებითი - ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების ხარჯები.

"კანონმდებლობის მიხედვით, საოლქო- საარჩევნო კომისიის ხუთი წევრი მუდმივმოქმედია, არჩევნების გამოცხადებიდან შვიდი დღის ვადაში ოლქის წევრის პროფესიული ნიშნით არჩევა ხდება, გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიები თავიანთ წარმომადგენლებს ნიშნავენ. საქართველოში დაახლოებით 3 700 საარჩევნო უბანია, აქ დასაქმებულია კომისიის 13 წევრი. უხეშად რომ გადავითვალოთ, დაახლოებით 46 000 თანამშრომელი გამოდის. ამ ადამიანების ხელფასზეა საუბარი. უბნები არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე იწყებენ მუშაობას", - თქვა მიქელაძემ.

პრეზიდენტის განკარგულებით, წინასაარჩევნო კამპანია 4 თვით ადრე, 8 ივნისს დაიწყება.

კომენტარები