ქრთამის მიცემა

ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ello.org

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამირან შ. დააკავა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგენა, რომ ამირან შ-მ ორგანიზება გაუკეთა ქ. ზესტაფონში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფიდან გვირაბის კუსტარულად გაყვანას, მიწის ქვეშ არსებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების- ე.წ. "წიდის" უკანონოდ მოპოვებისა და შემდგომში მისი რეალიზებით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით. ხსენებული მაღაზიის იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე და ასეულობით მეტრი სიგრძეზე გაყვანილია კუსტარული გვირაბი, საიდანაც ე.წ. "წიდის" უკანონო მოპოვება ხდებოდა. "აღნიშნულ უკანონო საქმიანობაზე მფარველობის სანაცვლოდ ამირან შ. დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, რომელსაც ქრთამის სახით პირველ ეტაპზე 700 ლარი, ხოლო სამუშაოების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში სხვადასხვა თანხის პერიოდულად გადახდა შესთავაზა",- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურისვე ცნობით, ამირან შ-მ საჯარო მოხელეს ქრთამის სახით შეპირებული თანხა - 700 ლარი გადასცა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს). "ამასთან, გამოძიება გრძელდება ე.წ. "წიდის" უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და დანაშაულში შესაძლო სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით",- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები