ეკონომიკური ზრდა

EBRD-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 3.4%-ით გაიზრდება

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2016 წელს საქართველოსთვის 3.4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მხრივ EBRD-ის პროგნოზი მთავრობის პროგნოზზე ოპტიმისტურია, რადგანაც 2016 წლის ბიუჯეტით მთავრობა 3%-იან ზრდას ელოდება. EBRD-მა საკუთარი პროგნოზი 11-12 მაისს ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე განაახლა, ბანკი საქართველოსთვის აქამდე 2.6%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

''საქართველოს სავარაუდოდ ეკონომიკური ზრდა 2015 წელს არსებულ 2.8%-ზე მაღალი იქნება და დაახლოებით 3.4%-ს მიაღწევს. საგარეო ფაქტორები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენენ, შემცირდა ფულადი გადმორიცხვები, ასევე ექსპორტი, რომელზეც ნეგატიურად აისახა რუსეთში მიმდინარე რეცესია და რეგიონულ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მკვეთრი დაღმასვლა, ქვეყანა კარგი ტურისტული სეზონისგან სარგებელს ელოდება. საქართველოს მიმართ ინვესტორთა მაღალი ნდობა ნარჩუნდება, რაც ბიზნესისადმი მეგობრულ გარემოს და საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას უკავშირდება. იზრდება ნდობა ლარის მიმართ, მოსალოდნელია, რომ სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი დღეისთვის არსებული 68%-დან 66%-მდე შემცირდეს. ველოდებით, რომ მიმდინარე საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდება, რაც ეროვნულ ვალუტაზე არსებულ ზეწოლას შეამცირებს. 2017 წელს ამავე პროცესების გაგრძელებას ველოდებით და საქართველოსთვის 3.9%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ, რასაც ხელი ევროპასთან თავსიუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ უნდა შეუწყოს." - წერია EBRD-ის ანგარიშში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ს გადააჭარბებს. 

"მინდა გითხრათ, რომ იანვარი შედარებით სუსტი იყო, თებერვალსა და მარტში მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა. მარტში თქვენ იცით, რომ საქსტატმა 3.4%-იანი ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა ჩვენ იმედი გვაქვს რომ 3%-ზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა." - ამბობს ნოდარ ხადური.

სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 2016 წელს საქართველოსთვის EBRD-ზე დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5% იქნება. 

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში რეალობასთან უფრო ახლოს IMF-ის პროგნოზი იყო, რადგანაც ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობის მიერ დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად 2.3% შეადგინა. 2016 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა 0.8% იყო, თებერვალში 2.6% გახდა, მარტში კი მან 3.4% შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები