TI: საკონსტიტუციო სასამართლოზე კანონპროექტი ჯერ ვენეციის კომისიაში გაგზავნეთ

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართოს ვენეციის კომისიას და მხოლოდ ამის შემდგომ გააგრძელოს მისი საპარლამენტო განხილვა. ორგანიზაცია შესწორებულ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

"კანონპროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით, არასამთავრობოთა "კოალიციამ დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სამი ძირითადი პრობლემური საკითხი გამოყო. 1) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მისი „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების მომენტიდან. 2) მოსამართლისთვის ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის აკრძალვა, თუ მისი ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები. 3) სადავო ნორმის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ სრული შემადგენლობით.

წარმოგიდგენთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, მეორე მოსმენის მდგომარეობით:

1. პირველ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიცვალა და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გადაწყვეტილების სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდგომ.

ჩვენი შეფასება: პირველადი ვერსიის ამგვარი ცვლილება მისასალმებელია. თუმცა, შესაძლებელია კანონში დაზუსტდეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ალტერნატიული წესიც, სასამართლოს ვებ-გვერდზე რაიმე სახის ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

2. კონსტიტუციით განსაზღვრული მოსამართლის 10 წლიანი უფლებამოსილების ბოლო 3 თვესთან დაკავშირებული შეზღუდვა კვლავ რჩება, თუმცა შეცვლილი ვერსიით მოსამართლეს შეეძლება ამ პერიოდში განიხილოს ახალი საქმეების დასაშვებობის საკითხი განმწესრიგებელ სხდომაზე და ასევე სადავო ნორმის შეჩერების საკითხი, ამავდროულად ამ პერიოდში ასევე დაშვებული იქნა იმ ახალი საქმეების არსებითად გადაწყვეტის უფლებამოსილებაც, რომელთა განხილვისთვის კანონმდებლობით სპეციალური, შემჭიდროებული ვადებია განსაზღვრული.

ჩვენი შეფასება: მოსამართლის უფლებამოსილების ბოლო სამ თვესთან დაკავშირებით შეზღუდვა თავისთავად პრობლემურად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსამართლის 10 წლიან ვადას ზღუდავს, თუმცა შეცვლილი ვერსიით არსებითად შემსუბუქებულია ის საფრთხეები, რომლებსაც პირვანდელი ვერსიით განსაზღვრული ბლანკეტური შეზღუდვა განაპირობებდა.

3. მე-3 საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტს ცვლილება არ განუცდია და სადავო ნორმის შეჩერება კვლავ მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობით იქნება შესაძლებელი.

ჩვენი შეფასება: აღნიშნულმა, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა გაართულოს სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირება", - წერია TI-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია კომიტეტის მიერ მე-2 მოსმენით მიღებულ ახალ პრობლემურ ცვლილებებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"კომიტეტმა მე-2 მოსმენით მხარი დაუჭირა: 1. გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს კვორუმის გაზრდას 2. მოსამართლის შრომის ანაზღაურების შეწყვეტას თუ 10 წლიანი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ გაუგრძელდა ვადა იმ საქმეების გადაწყვეტამდე, რომლის განხილვაშიც მონაწილეობდა.

1. კანონის დღეს მოქმედი რედაქციით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია თუ საქმის განხილვაში მონაწილეობს 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლე მაინც, ცვლილებით კი აუცილებელი იქნება მინიმუმ 7 მოსამართლის მონაწილეობა. ამასთან, იზრდება გადაწყვეტილების მიღების კვორუმიც, კერძოდ დღეს მოქმედი უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, გადაწყვეტილების მისაღებად და კანონის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის აუცილებელი იქნება სრული შემადგენლობის ⅔-იანი კვალიფიციური უმრავლესობა.

ჩვენი შეფასება: მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება აზიანებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ინტერესებს და ართულებს კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ამასთან წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. პოლონეთში იდენტურ ცვლილებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ 2016 წლის 12 მარტის დასკვნაში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ⅔ -იანი უმრავლესობის კვორუმი ცალსახად არ არის ზოგადი წესი ევროპის ქვეყნებში. ამგვარი, ძალიან მკაცრი წესი ცალსახად ატარებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ბლოკირების რისკს, რაც არაეფექტურს გახდის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხელს შეუშლის მას უზრუნველყოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა.

2. კიდევ ერთი ახალი ინიციატივის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს კანონით დადგენილ ანაზღაურებას თუ 10 წლიანი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ გაუგრძელდა ვადა იმ საქმეების გადაწყვეტამდე, რომლის განხილვაშიც მონაწილეობდა. საკომიტეტო განხილვაზე აღინიშნა, რომ ამ ცვლილების მიზანია მოსამართლეებმა ხელფასის მიღების გამო, ხელოვნურად არ გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღება იმ საქმეებზე, რომელთა გამო გაუგრძელდათ უფლებამოსილება.

ჩვენი შეფასება: უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების კონსტიტუციიდან მომდინარე ვალდებულებაა, მოსამართლეთა საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეუქმნას მათ სათანადო სოციალური გარანტიები, რაც ემსახურება სასამართლო ხელისუფლების, როგორც ინსტიტუტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, დაუშვებელია პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას, არ ვრცელდებოდეს კანონით გათვალისწინებული გარანტიები.

ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული წინადადების სახით კომიტეტზე გაჟღერდა დეპუტატ გიგა ბუკიას ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, იმ წესის გაუქმებას, რომლითაც გათვალისწინებულია მოსამართლეთა 10 წლიანი ვადის გაგრძელება არსებითად განხილულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს ინიციატივა თავის მხრივ მოწონებულ იქნა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ.

ჩვენი შეფასება: მიგვაჩნია, რომ ამ ინიციატივის პარლამენტის მიერ გაზიარება დააზარალებს კონკრეტული მოსარჩელეების ინტერესს, რადგან გამოიწვევს უკვე განხილული საქმეების თავიდან განხილვას, ამან კი შეიძლება დააზიანოს სწრაფი მართლმსაჯულების კანონიერი ინტერესი და ასევე გადატვირთოს სასამართლო, რადგან ახალ მოსამართლეებს ახალი სარჩელების პარალელურად მოუწევთ უკვე განხილული საქმეების ხელახალი განხილვაც. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებში ვადის გაგრძელების წესს ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან 9 წლის ვადით, მათ ვადა უგრძელდებათ იმ საქმეების საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელთა არსებით განხილვაშიც მონაწილეობა აქვთ მიღებული.

ზემოთ განხილული და სხვა საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას წარმოდგენილ კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართოს ვენეციის კომისიას და მხოლოდ ამის შემდგომ გააგრძელოს მისი საპარლამენტო განხილვა", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

კომენტარები