სახელმწიფო ხალხისათვის: კანონი ხელყოფს საკონსტიტუციოს ეფექტიან ფუნქციონირებას

facebook.com/paata.burchuladze.9

„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ხელყოფს სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

ამის შესახებ მოძრაობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეძლოს ფუნქციების შესრულება ისე, რომ სამართალწარმოების კონკრეტული შედეგით დასრულებას საფრთხე არ შეექმნას.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები, ერთმნიშვნელოვნად ხელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, აღმასრულებელი ხელისუფლება და საერთო სასამართლოები ემორჩილებოდეს კანონს, ხოლო პარლამენტი შეზღუდული იყოს კონსტიტუციური პრინციპებით. საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელება უნდა იყოს „არა თეორიული ან ილუზორული, არამედ კონკრეტული და ეფექტური“. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეძლოს ამ ფუნქციის შესრულება ისე, რომ სამართალწარმოების კონკრეტული შედეგით დასრულებას საფრთხე არ შეექმნას. ევროპული ქვეყნების საერთო სამართლებრივი ტრადიციების გათვალისწინებით, სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული მოსაზრება არ უნდა ჰქმნიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის სამართლებრივი შეფასების ბლოკირების და/ან საქმის განსხვავებული პროცედურით წარმართვის შესაძლებლობას.

ნათელია, ცვლილებების მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე სახელისუფლო კონტროლის დაწესების სურვილი, რაც ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება (აქედან ორი - პრეზიდენტის კვოტით, ერთი - პარლამენტის, ერთი - უზენაესი სასამართლოს). ხელისუფლებას არა აქვს გარანტიები, რომ მისთვის მორჩილი კადრებით შეძლებს ჩანაცვლებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის არ იყვნენ რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის წარმომადგენლები.

კომენტარები