ევროვიზია 2016

გიორგაძეს ევროვიზიის შესახებ რუსეთიდან უკრაინელი კოლეგის სახელით დაურეკეს

0 კომენტარი

საქართველოს კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ მინისტრს უკრაინელი კოლეგის სახელით ნამდვილად დაურეკეს. საქმე ეხება გუშინ, რუსული ტელეარხის, „россия“-ს ეთერში გასულ გადაცემას კონკურს „ევროვიზიას“ შესახებ, სადაც ქართველ მინისტრთან სატელეფონო საუბარი გააშუქეს. არხის წარმომადგენელი უკრაინის კულტურის მინისტრის სახელით ურეკავს მიხეილ გიორგაძეს და უკრაინელი შემსრულებლის საქართველოდან მხარდაჭერას, კონკრეტულად კი მაღალ ქულას სთხოვს. ქართველი მინისტრი საპასუხოდ ამბობს, რომ ამის თაობაზე საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობას დაელაპარაკება.

„მინდა გითხრათ, რომ ტრადიციულად, საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა საკმაოდ ინტენსიურია თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაგრამ ჩვენი პირველი არხის ხელმძღვანელსაც დაველაპარაკები, ვკითხავ როგორ შეიძლება კიდევ ცოტათი ამ მხარდაჭერის გაძლიერება და ცხადია, ვთხოვ მას ამის გაკეთებას. ის ჩემი კარგი მეგობარია“ - აცხადებს გიორგაძე სატელეფონო საუბარში.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის წარმომადგენელი მიხეილ გიორგაძეს ეუბნება, რომ საქართველომ რუსეთსაც შესაბამისი ქულა უნდა დაუწეროს, რადგან უკრაინა და საქართველო შეთანხმებაში არ დაადანაშაულონ, რაზეც კულტურის მინისტრი პასუხობს - "კარგი".

ტაბულას საქართველოს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა მინისტრმა "კოლეგას" დიპლომატიური პასუხი გასცა და პირველი არხის ხელმძღვანელობასთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. 

„მსგავსი საუბარი შედგა მინისტრთან, ის დარწმუნებული იყო, რომ უკრაინელ კოლეგას ესაუბრებოდა და პოლიტკორექტულობის ფარგლებში ისაუბრეს. თხოვნაზე დიპლომატიურად უპასუხა, თორემ გიორგი ბარათაშვილთან [საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი] ამ თემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. მინისტრს გაუკვირდა კიდეც თხოვნა უკრაინისთვის საქართველოსგან ქულების მომატებაზე, იმიტომ რომ ისედაც საქართველო ყოველთვის მაღალი ქულებით აფასებს უკრაინელ შემსრულებლებს. ეს არ ყოფილა რეალურად დაპირება“ - აცხადებს ტაბულასთან კულტურის სამინისტროს მედია კომუნიკაციის სამმართველოს წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული უკრაინელი კონკურსანტი, ჯამალა გახდა, მას საქართველოდან მაქსიმალური, 12 ქულა დაუწერეს. მეორე ადგილზე ავსტრალია, მესამეზე კი რუსეთი გავიდნენ. რაც შეეხება ქართველ შემსრულებლებს, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მე-20 ადგილზე გავიდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები