ქურდული სამყაროს წევრობისთვის ორი 24 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებულები ლაშა დ. და დავით ლ. ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ღამით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები ფეხით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, ლაშა დ.-ს პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო ორლულიანი თოფი, ე.წ. "აბრეზი" 2 ვაზნით, ხოლო დავით ლ-ს პირადი ჩხრეკისას - გადაჭრილი სანადირო ერთლულიანი თოფი, ე.წ. "აბრეზი" 1 ვაზნით ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები