თბილისის საკრებულო

დაცვის სამსახურმა პარტიზან მებაღეებს საკრებულოს შენობა დაატოვებინა

timer.ge

თბილისის საკრებულოში მიმდინარე რიგგარეშე სხდომას, რომელსაც დავით ნარმანია ესწრება, გარემოს დამცველების პროტესტი მოჰყვა. დაცვის სამსახურმა პარტიზან მებაღეებს საკრებულო დაატოვებინა. თბილისის მერი საკრებულოს დეპუტატებს იმ არგუმენტებს აცნობს, რომლის საფუძველზეც მერიამ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია გაასხვისა და 29ჰა მიწის ნაკვეთის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომათა დარბაზის შიგნით დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება დარბაზის გარეთ გაგრძელდა. დაცვის თანამშრომლები, ასევე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი ცდილობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს საკრებულო დაეტოვებინა.

„მე ძალა ნამდვილად არ მიხმარია, ეს არის ადმინისტრაციული შენობა, სადაც ყველანაირი მანიფესტაციის, აქციებისა და ბალ-მასკარადის მოწყობა იკრძალება კანონით. ეს არის დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო და ყველა იმ თბილისელს, რომელიც აქ ტონს უწევს, იმის შეგნება უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვცეთ პატივი, ვინც აგვირჩია და მათი წარმომადგენლები ვართ" - ამბობს ჯიშკარიანი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფებოდა მელორ ვაჩნაძე სხდომათა დარბაზში, ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ის არ უნახავს, თუმცა მასთან მეგობრობას ადასტურებს.

პარტიზანი მებაღეების წევრის ელენა მალაშევსკი-ჯაყელის თქმით, „ჩვენ ველოდებოდით პანორამა თბილისის და ბოტანიკური ბაღის საკითხის განხილვას". მისი ცნობით, ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრის დაწყება ითხოვეს და პლაკატები გაშალეს, „მაგრამ ძალის გამოყენებით გამოგვიშვეს იქიდან".

კომენტარები