ეროვნული ბანკი

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.16 ლარი გახდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა, აუქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.1628 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით, 2.3 თეთრით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ $20 მილიონის შესყიდვა კურსის მაღალი მერყეობის შესაჩერებლად არის მიმართული. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი 17 მაისსაც შეისყიდა.

ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესყიდვა 17 მარტს ლარის კურსის სწრაფი გამყარების დროს დაიწყო, მას შემდეგ ბანკმა საკუთარი სავალუტო რეზერვები $155 მილიონით გაზარდა. ამ პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 16.2 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.

სავალუტო რეზერვების შესყიდვას მხარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD-იც უჭერს. EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებით რეზერვების იმ დანაკლისს ივსებს, რაც გასული პერიოდის მანძილზე დაიხარჯა.

"ლარის კურსთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ბაზარი იმ მიმართულებით მოძრაობს, რა მიმართულებითაც მან უნდა იმოძრაოს. საკმაოდ პოზიტიური სიახლეა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტო რეზერვების შესყიდვა. ეს ნაბიჯი არის სწორი, რადგანაც ბანკი ეტაპობრივად ბაზარზე არსებული უცხოური ვალუტის შესაყიდვით ავსებს სავალუტო რეზერვების იმ დანაკლისს, რაც გასული წლის მანძილზე დაიხარჯა", - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

კომენტარები