ზიკა ვირუსი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზიკა ვირუსზე: პანიკის საფუძველი არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ზიკა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არის.

"ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, არავითარი პანიკის საფუძველი მოსახლეობისთვის არ არსებობს, რამდენადაც საქართველოში წყარო, დაინფიცირებული ადამიანი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა განსაკუთრებით გამკაცრებულია ამ თვალსაზრისით, რომ არცერთი საეჭვო შემთხვევა არ გაიპაროს. ხაზს ვუსვამ, რა თქმა უნდა, თეორიული რისკი არის, რამდენადაც საქართველოში არსებობს ამ ვირუსის გადამტანი კოღო. ამიტომ ყველა ღონისძიება ტარდებოდა, ტარდება და გატარდება იმისათვის, რომ რისკის მინიმიზაცია მოვახდინოთ", - თქვა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური ბრძანება უკვე აქვს გამოცემული შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ასევე, არსებობს ქვეყნის მულტისექტორული სამოქმედო გეგმა ინფექციის შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში. "ლუგარის ცენტრში არსებობს ზიკა ვირუსის დაავადების სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალება. მიმდინარეობს საგანმანათლებლო სამუშაოები სპეციალისტებთან, მუდმივი ეპიდზედამხედველობის ქვეშ არის დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზონები", - თქვა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ანაკლიიდან სარფამდე შენობა-ნაგებობები და წყალსატევები დამუშავდება და დაწყებულია სამუშაოები, რომელიც ვირუსის გადამტანი კოღოს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ამ ზაფხულს ზიკა ვირუსის ევროპაში გავრცელების ყველაზე მაღალი თეორიული რისკი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოში, ასევე, ატლანტის ოკეანეში კუნძულ მადეირაზეა. ანუ იმ ადგილებში, სადაც ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

კომენტარები