გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერის ინიციატივები, რომლებიც ვერ განხორციელდა, ან დაგვიანებით სრულდება

ტაბულა

გიორგი კვირიკაშვილი 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო, 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე კი ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებს. მის მიერ ამ პერიოდის მანძილზე დაანონსებული ზოგიერთი პროექტი დღემდე არ განხორციელებულა, ზოგიერთი განხორციელდა, თუმცა მათი მოცულობა წინასწარ გაცხადებულთან შედარებით მცირეა.

ონლაინკაზინოების რეგულაციები

2015 წლის 29 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა ონლაინკაზინოების უარყოფით გარეგან ეფექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი რეგულირებისთვის სახელმწიფო სპეციალურ ნაბიჯებს გადადგამდა. "თქვენ ახსენეთ ინტერნეტკაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება". ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის უმრავლესობის წევრებსაც აქვთ გაკეთებული, თუმცა დღემდე საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ონლაინკაზინოებს რაიმე დამატებით რეგულირების ჩარჩოებში მოაქცევდა, შექმნილი არაა. 

ანტიდემპინგური კანონი

2013 წლის 6 სექტემბერს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - "ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს შესაბამის უწყებებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიების შემოღების შესახებ. ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდინებული გაზრდილი იმპორტისგან, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ან ქმნის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს მსგავსი და პირდაპირ კონკურენტული საქონლის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის". ანტიდემპინგური კანონისა და ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების გატარების საჭიროების შესახებ მთავრობიდან განცხადებები გასული სამი წლის მანძილზე აქტიურად კეთდებოდა. 2015 წლის ნოემბერში ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ "ანტიდემპინგური კანონის მიღება ქვეყნისთვის უდიდესი სიკეთე იქნება", თუმცა პარლამენტს დღემდე ბიზნესასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლის გამო მსგავსი კანონმდებლობა არ მიუღია.

ანაკლიის საერთაშორისო აეროპორტი

2013 წლის 25 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - "მაღალი შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება ანაკლიის პორტთან და ვფიქრობ, რეგიონში ორი ასეთი აეროპორტის საჭიროება არ არსებობს. ანაკლიის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით". ამ განცხადებიდან სამი წლის შემდეგ, ანაკლიის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა არ დაწყებულა.

პრივატიზაციის ახალი ტალღა

2015 წლის 25 თებერვალს გიორგი კვირიკაშვილმა სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კრიზისული ვითარების მოგვარებისთვის ქვეყანაში პრივატიზაციის ფართომასშტაბიანი ტალღის დაწყება იყო საჭირო. პრივატიზაციის პროცესი წინა წლებთან შედარებით მართლაც გაიზარდა, მაგრამ მას კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული ციფრებისთვის არ მიუღწევია. "წარვადგინეთ კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. მარტო ამ ობიექტებით ვფიქრობთ, რომ 2-3 თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მლნ დოლარის მობილიზებას", - 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, პრივატიზაცია (არაფინანსური აქტივების კლება) 300 მილიონი დოლარის ნაცვლად 287 მილიონი ლარი იყო. 

საგადასახადო ლიბერალიზაცია/ესტონური მოდელი

2015 წლის 7 მაისს გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სავალუტო კრიზისის გამო საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ლიბერალიზაციის რეფორმებს გაატარებდა უახლოესი ერთი თვის მანძილზე. "დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაცხადებთ საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მეტ ჟანგბადს მისცემს კერძო სექტორს იმისთვის, რომ გადაიტანოს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს". ეს პაკეტი ერთ თვეში არ წარდგენილა, ერთი თვის ნაცვლად, პაკეტის პირვანდელი ვერსია 2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი კი ძალაში 2017 წლიდან შევა.

თბილისის საფონდო ბირჟის განვითარება

2012 წლის 28 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - "მოგეხსენებათ, რომ საფონდო ბაზარი საკმაოდ განუვითარებელი დარჩა და სწორედ ამ კუთხით ვმუშაობთ, რომ მოხდეს ადგილობრივი ბაზრის ინტეგრირება აღმოსავლეთევროპულ პლატფორმებში". თბილისის საფონდო ბირჟის მოცულობა ამ განცხადებიდან ოთხი წლის შემდეგაც მცირეა. მთავრობა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საპენსიო რეფორმით ცდილობს, რომელიც სავარაუდოდ 2017 წლამდე არ ამოქმედდება.

დეპოზიტების დაზღვევა

დეპოზიტების დაზღვევის პროექტზე მთავრობა უკვე მეორე წელია მუშაობს. 2015 წლის 16 იანვარს დეპოზიტების დაზღვევის პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის თავმჯდომარეებიც ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი იყვნენ. დეპოზიტების დაზღვევის პროექტის შინაარსთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცხადება 2016 წლის 18 მაისს გაკეთდა, რომელზეც ითქვა, რომ დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი ძალაში 2018 წლამდე ვერ შევა.

საპენსიო რეფორმა

2012 წლის 28 დეკემებერს გიორგი კვირიკაშვილმა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა- "გეგმა გახლავთ საპენსიო სისტემის საკითხი. ეს არ არის მთლად პოპულარული პროექტი, თუმცა, სავალდებულო სადაზღვევო შენატანების სისტემის განვითარება აუცილებელია, თუ ჩვენ გვინდა შევამციროთ ხანდაზმულთა ბიუჯეტზე დამოკიდებულების ხარისხი, განვავითაროთ ამ სისტემაში ჩართული ინსტიტუტები, ესენია საინვესტიციო ფონდები, საბანკო სექტორი და სხვა, რომელიც შექმნის იმ ფინანსურ არქიტექტურას, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ საბაზრო ეკონომიკას უნდა ახასიათებდეს". საქართველოს მთავრობამ კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის ინიციატივა პრემიერის მიერ პირველი განცხადების გაკეთებიდან ოთხი წლის შემდეგ, 2016 წელს დაამტკიცა, თუმცა ჯერჯერობით ის საკანონმდებლო ბაზა, რომელზეც საპენსიო რეფორმა უნდა მომზადდეს, დახვეწას ან მიღებას საჭიროებს. არსებული პროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმა მზად 2017 წლისთვის უნდა იყოს.

ექსპორტის წახალისების სააგენტო

2015 წლის 27 აპრილს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - "ექსპორტის წახალისების სპეციალური ინსტიტუტი - ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო საპარტნიორო ფონდთან ჩამოყალიბდება. ყველა ის წარმოება, რომელსაც შეფასების მიხედვით ექნება პოტენციალი, გახდეს ექსპორტიორი, დაფინანსდება". აღნიშნული სააგენტო დღემდე არ შექმნილა, მისი შექმნის თაობაზე არსებული ინიციატივის შესახებ განცხადება 2016 წლის მარტში მოქმედმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც გააკეთა. "რაც შეეხება ექსპორტის წახალისების სააგენტოს, უფრო სწორედ კი ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საპარტნიორო ფონდთან. პარალელურ რეჟიმში ისე მოხდა, რომ მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროექტის განხილვის შესაძლებლობა. აღნიშნული ბოლო პერიოდში მთლიან ჭრილში იხილებოდა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს". სააგენტო დღემდე არ მოქმედებს.

კომენტარები