მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

შერიგების სამინისტრო: მკვლელობა გამოწვევაა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, ე.წ. რუსი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეფასებით, "მომხდარი სერიოზული გამოწვევაა იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს". მათივე განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკას აქვს "სერიოზული შედეგი ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას შორის ურთიერთობების აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის მდგრადობის პროცესზე".

"მსგავსი ტიპის შეთხვევები ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი ყველა მხარის მიერ. ვიტოვებთ იმედს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური მმართველობის განმახორციელებელ ძალებს ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე ექნებათ სერიოზული რეაგირება, რომ სამომავლოდ აღმოიფხვრას მსგავსი ფაქტების განმეორება, რომელიც ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პოლიტიკას არყევს", - ნათქვამია განცხადებაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქართულმა მხარემ შემთხვევის შესახებ უკვე აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს.

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 19 მაისს მომხდარ მკვლელობას სათანადო შეფასება მიეცეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და დამნაშავეები დაისაჯონ. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას", - აცხადებს უწყება.

კომენტარები