მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

"იმოქმედე მშვიდობისთვის, შეაჩერე რუსეთი" - კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პლატფორმა "დაიცავი საქართველოს" ორგანიზებული აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ უსაფრთხოებისთვის საჭირო ძალების მობილიზებას. ასევე, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციასა და მათ სასწრაფო ინფორმირებას.

"რუსულმა საოკუპაციო არმიამ საქართველოს მორიგი მოქალაქე იმსხვერპლა - ჯარისკაცებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურობის, უყურადღებობის, რუსეთთან ყველაფრის დათმობისა და უსაფრთხოების სისტემის შესუსტების შედეგად, ოკუპანტი კიდევ უფრო გათავხედდა, რაც მომხდარ ტრაგედიაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცინიკურმა განცხადებამაც დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ქართველების უსაფრთხოება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

გიგა ოთხოზორია რუსმა ე.წ მესაზღვრემ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

კომენტარები