ბიძინა ივანიშვილი

თბილისის ცენტრში ივანიშვილის 30 ათასი კვადრატული მეტრის ქონება მიტოვებულია

DARO SULAKAURI / BLOOMBERG

თბილისის ცენტრში გმირთა მოედანთან არსებული 22.6 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები 2014 წლიდან პარქტიკულად ამორტიზებულია. აქ ლაგუნა ვერე და თბილისის ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა მდებარეობს. 2014 წლიდან ლაგუნა ვერეს ასამდე თანამშრომელი გათავისუფლებულია. ლაგუნა ვერესა და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიები ოფშორული კომპანიების გავლით საქართველოს უმდიდრეს მოქალაქესა და ექსპრემიერს, ბიძინა ივანიშვილის ეკუთვნის. ბიძინა ივანიშვილს ასევე ეკუთვნის 7.3 000-კვადრატულმეტრიანი მიწის ნაკვეთი ვაკეში, ქართუ ბანკის მიმდებარედ ვერეს ხევში, რომელიც მან 2008 წელს შეიძინა და იქ აკვაპარკის მოწყობას გეგმავდა, თუმცა ამ მიწაზე სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. 

ლაგუნა ვერე 12 665 კვადრატული მეტრი


ფოტო: გოგა სულაძე

თბილისის უდიდესი ღია საცურაო აუზი 1978 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა, ამ მრავალფუნქციურ კომპლექსში ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 12 665-კვადრატულმეტრიანი კომპლექსი შედგება 50მX20მ ძირითადი საცურაო აუზისგან, წყალში მხტომელთათვის 25მX20მ საცურაო აუზისგან და 25მX10მ სასწავლო საცურაო აუზებისგან. სახტომი აუზის თავზე აღმართულია 5-, 7- და 10-მეტრიანი სახტომი კოშკურები, 1- და 3-მეტრიანი ტრამპლინები. აუზის გარშემო 5 ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებია. ტრიბუნებქვეშა სივრცე სამ სართულს მოიცავს, აქაა წყალში მხტომელთა სავარჯიშო სპეციალური დარბაზი, საგამოფენო, საპრესკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზები.

საცუარო კომპლექსი 2014 წლის 2 მარტამდე ფუნქციონირებდა, აუზის ხელმძღვანელობა ლაგუნა ვერეს დახურვის მიზეზად შენობის სიძველესა და დაბალ შემოსავლებს ასახელებდა. მოსახლეობა კი აუზის რეაბილიტაციას ითხოვდა. სპორტის სამინისტროში აუზის დახურვასთან დაკავშირებით ამბობდნენ, რომ რეაბილიტაცია სავარაუდოდ მის მფლობელს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა საჯარო განცხადებებში ამბობდნენ, რომ მათთვის სპორტული კომპლექსის მფლობელის ვინაობა უცნობი იყო. რეალურად კი ამ ქონების მფლობელი 2007 წლიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილია. 

სააქციო საზოგადოება "ლაგუნა ვერე" 1997 წლის 24 აპრილს დაფუძნდა, აუზმა დამოუკიდებლად 10 წლის მანძილზე იარსება. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 18 მაისს ჩატარებულ ლაგუნა ვერეს აქციონერთა კრებაზე გაირკვა, რომ 2006 წლის მანძილზე აუზის ხარჯები მის შემოსავლებს 160 ათასი ლარით აღემატებოდა. სავარაუდოდ ეს გარემოება გახდა რამდენიმე დღეში მისი გაყიდვის მიზეზი.

საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, 2007 წლის 12 ივნისს ლაგუნა ვერეს აქციათა 63.03 %-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება "იუნიონი" გახდა. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ივანიშვილი ლაგუნა ვერეს მფლობელი. სს "იუნიონის" ოფისი ქართუ ჯგუფის სხვა კომპანიების მსგავსად თბილისში, ჭავჭავაძის 39-ში მდებარეობს, მისი დირექტორი კი ჭიათურის სოფელ იხთვისში რეგისტრირებული როინ მოცრაძეა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, გარიგების დადების დროს "სს იუნიონის" კაპიტალი 204 მილიონ ლარს შეადგენდა, თავად "იუნიონი" კი ამ პერიოდში ქართუ ჯგუფის აქციათა 26%-ის მფლობელი იყო. "იუნიონის" 100%-იანი წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძილებზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის. იურიდიულად ოფშორულ Ringold Finance Limited-ს ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ აქვს, რადგანაც ის მის ქონებრივ დეკლარაციაში მოხსენიებული არაა, თუმცა მას ქართუ ჯგუფის მრავალი კომპანია ეკუთვნის. Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ელიტა ბურჯი“ და ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიწების მფლობელი კომპანია შპს "ჰორიზონტი," ასევე კომპანია შპს "ნიუ სერვისი" და აქციათა 17,73% სადაზღვევო კომპანია "ქართუში".

აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შემდეგ სს "იუნიონმა" პაკეტის გამსხვილება დაიწყო. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 29 ივნისს თბილისში, ქართუ ჯგუფის სათავო ოფისის მეთოთხმეტე სართულზე გაიმართა ლაგუნა ვერეს აქციონერთა რიგგარეშე კრება, რომელსაც ქართუ ჯგუფის ნოტარიუსი ეკატერინე გვანცელაძე ესწრებოდა. მაშინ "სს იუნიონი" ლაგუნა ვერეს სააქციო კაპიტალის 88%-ის მფლობელი გახდა. 2007 წლის 19 ივლისს ქართუ ჯგუფის სათავო ოფისში კიდევ ერთი რიგგარეშე კრება ჩატარდა, რომლის შედეგადაც "სს იუნიონი" "ლაგუნა ვერეს" 94%-იანი წილის მფლობელი გახდა. ეს კრებაც ეკატერინე გვანცელაძემ დაამოწმა. კრებაზე ლაგუნა ვერეს საწესდებო კაპიტალი 1.1 მილიონი ლარით გაიზარდა, იქამდე კომპანიის საწესდებო კაპიტალი 0.3 მილიონი ლარი იყო. თანხის ანგარიშისწორება ქართუ ბანკის ანგარიშიდან მოხდა. საბოლოოდ "სს იუნიონი" ლაგუნა ვერეს აქციათა თითქმის სრული პაკეტის - 99.89806%-ის მფლობელი 2014 წლის 12 დეკემბერს, აუზის დახურვიდან 8 თვის შემდეგ გახდა. 

ყოფილი აბრშუმის ფაბრიკა 9 945 კვადრატული მეტრი

აბრეშუმის ფაბრიკა გადაღებულია გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში
ფოტო: forum.ge

თბილისის აბრეშუმის ფაბრიკა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აშენდა. დღეისთვის ფაბრიკის 9 945 კვადრატული მეტრის ფართობს კომპანია "ლიზინგ ოცდამეერთე" ფლობს. ამ კომპანიის მისამართიც ქართუ ჯგუფის სათავო ოფისში - ჭავჭავაძის 39-ში მდებარეობს. თავად "ლიზინგი ოცდამეერთეს" 100%-იან წილს კი Finsek Limited ფლობს, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში ჭიათურაში მცხოვრები კახა კობიაშვილია. Finsek Limited ასევე საქართველოში ფლობს ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანია "კომპლექს სერვისს".

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1998 წელს ფაბრიკის ტერიტორიაზე სამკერვალო კომპანია "ამირანი" გადავიდა, ქართუ ჯგუფი სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა ამ ფართობის შეძენით. ტერიტორიის ყოფილი მფლობელი ამირან კვარაცხელია ამბობს, რომ ქართუ ჯგუფმა მას ფაბრიკის ტერიტორია მოტყუებით წაართვა, რის შემდეგაც დააკავეს კიდეც, ქარხნის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ჯართშია ჩაბარებული. 

ლაგუნა ვერესგან განსხვავებით, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია სრულად მიტოვებული არაა, მისი გარკვეული ნაწილები ქირავდება, აქ ასევე მდებარეობს ბერა ივანიშვილის ხმის ჩამწერი სტუდია. შენობაში განთავსებული იყო რობერტ სტურუას თეატრი ფაბრიკა, ახლა კი ამ ფართს შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენსი სერიალ 9+1 ის გადასაღებ პავილიონად იყენებს.

უცნობია, თუ რა ბედი ელის თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო არტერიის მახლობლად არსებულ 22.6 ათას კვადრატულ მეტრს. ივანიშვილის ქართუ ფონდსა და თანაინვესტირების ფონდს ამ ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ, საპარლამენტო უმცირესობაში კი ფიქრობენ, რომ ივანიშვილი აქ პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს.

არაშენებული აკვაპარკი ვაკეში 7 343 კვადრატულ მეტრი


ფოტო: hfalls.com

2008 წლის 29 იანვარს თბილისის მერიასა და სააქციო საზოგადოება "იუნიონს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც 1.2 მილიონად "იუნიონმა" ვერეს ხევში, ჭავჭავაძის გამზირის 39-ის მიმდებარედ შეიძინა 7 343-კვადრატულმეტრიანი მონაკვეთი. "იუნიონი" ამ ხელშეკრულებით ვალდებულებას იღებდა, ვერეს ხევში მოეწყო სპორტულ-გასართობი კომპლექსი და აკვაპარკი და იქ 100 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაედო. 

ტერიტორიის ნაწილის ყოფილი მეპატრონეები, მელაძეების ოჯახი იმ უკანონობაზე საუბრობს, რაც ქართუ ჯგუფმა მათ წინააღმდეგ ჩაიდინა, რადგანაც მათი სახლი "იუნიონმა" ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე დაანგრია. ოჯახი ყვება, რომ მათი კუთვნილი 961 კვადრატული მეტრის ფართობი "იუნიონმა" კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიითვისა. ამ საქმეში არსებულ იურიდიულ ხარვეზებზე სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებასთან საიას ყოფილი თავმჯდომარე და დღეის მდგომარეობით პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც საუბრობდა. 

თბილისის მერიამ 2007 წლის 19 ნოემბერს მიიღო დადგენილება, რომ ვერეს ხევში, ჭავჭავაძის გამზირის 39-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით სს "იუნიონისთვის" მიეცა, შემდგომში ეს საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზეც გავიდა, რომელმაც 2007 წლის 28 დეკემბერს მიიღო დადგენილება სახელწოდებით "აკვაპარკის, სპორტული და გასართობი კომპლექსის მოწყობისა და მის მიმდებარედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 50 მეტრიანი ზოლის კეთილმოწყობის მიზნის მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის განხილვისა და საქართველოს პრეზიდენტისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენის თაობაზე". მთავრობის დადგენილება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს გაეგზავნა, მან კი ეს ნაკვეთი 2007 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით "იუნიონს" გადასცა.

კომენტარები