აუდიტორია 115

აუდიტორია 115: თვითმმართველობის წევრებმა ჩვენს ერთ-ერთ წევრს სცემეს

Paata Vardanashvili / Wikipedia


აუდიტორია 115 აცხადებს, რომ დღეს, დაახლოებით 4 საათზე, თვითმმართველობის 20-მდე წევრმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აუდიტორია 115-ის ერთ-ერთ წევრ ცოტნე ცხვედიანს. მათი თქმით, მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს აქვს.

აუდიტორია 115 მოითხოვს, რომ ხვალ, 18:00 საათამდე მთავრობის წევრებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ განაცხადონ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა უახლოეს მომავალში გაუქმდება და უნივერსიტეტში არანაირი ერთიანი და ცენტრალიზებული, სტუდენტური ორგანიზაცია არ იარსებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუდიტორია 115 საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასა და მოძალადეების უნივერსიტეტიდან საკუთარი ხელით გაყრას აპირებენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობას აუდიტორია 115 ხელისუფლებას აკისრებს და მათ დროის გაწელვასა და უუნარობაში ადანაშაულებს.

ამასთან, აუდიტორია 115 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თსუ-ს დაცვის სამსახურს მოუწოდებენ, გაასაჯაროვოს მომხდარი ინციდენტის კადრები.

ტაბულას ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე იმყოფება, დაზარალებულს გაესაუბრა. ცხვედიანის თქმით ის პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს.

''ლექციიდან მოვდიოდი ჩვეულებრივად. ორი თვითმმართველობის წევრი იდგა დერეფანში და კადრებშივე ჩანს, რომ მოვდიოდი და რაღაც მომაძახეს. მოვტრიალდი და ვკითხე, რა უნდოდათ. შემდეგს ქურთუკზე მომქაჩეს და უცებ ოცამდე ადამიანი მოვიდა და დამიწყეს ცემა. ძალიან დიდხანს გრძელდებოდა ჩხუბი, ესენი მოდიოდნენ და მირტყამდნენ ერთ კაცს. პოლიციელი მოვიდა, არაფერი არ ხდებაო და გაბრუნდა. ეს ხდება 2010 წლიდან მოყოლებული, ხან ვის ურტყამენ და ხან ვის და ოდესმე უნდა დამთავრდეს'', - ამბობს სტუდენტი, ცოტნე ცხვედიანი.

კომენტარები