ჯანდაცვის სამინისტრო

TI: მოსახლეობის 56% მზადაა, ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფოსთან ერთად გასწიოს

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა, კვლევიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის 56% მზადაა, ჯანდაცვის დაზღვევის ხარჯები სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს. 

კვლევიდან აშკარა გახდა, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მზადაა ჯანდაცვის დაზღვევის ხარჯები სახელმწიფოსთან ერთად გაიზიაროს, 2015 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. ასევე მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, რაც 5%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

მოსახლეობის 18% კი ფიქრობს, რომ ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და, შემოსავლის მიუხედავად, თავად დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ნების გათვალისწინებით სახელმწიფომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამა უნდა შეცვალოს და მის ნაცვლად უფრო დიფერენცირებული სისტემა შემოიღოს.

"ფაქტი, რომ მოსახლეობის 56% მზადაა, ყოველთვიურად საკუთარი ჯანდაცვის დაზღვევისთვის სახელმწიფოსთან ერთად გადაიხადოს თანხა, უნდა გახდეს საფუძველი, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამა შეცვალოს უფრო დიფერენცირებული მიდგომით, დაზოგილი რესურსი კი მიმართოს იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და არ შეუძლიათ იმ მცირე თანაგადახდის დაფინანსება", - ამბობს მიხეილ კუკავა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 570 მილიონ ლარს შეადგენს. ანალიტიკოსები ბიუჯეტის შესრულებაზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ ეს თანხა წლის ბოლომდე პროგრამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება და სახელმწიფოს წინა წლის მსგავსად მისთვის თანხის დამატება მოუწევს. საყოველთაო ჯანდაცვის 2015 წლის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ ლარს შეადგენდა. 

კომენტარები