საგარეო ვაჭრობა

რა არ ჩანს საქსტატის სტატისტიკაში - მიზეზი, თუ რატომ არ გაუფასურდა ლარი აპრილში

Gilead-ის C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება ჰარვონი
uw.edu

იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა. რაც უფრო დიდია იმპორტი, მით უფრო მეტი მოცულობის უცხოური ვალუტა გაედინება საქართველოდან, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის აპრილში იმპორტი წინა წელთან შედარებით 78%-ით გაიზარდა და მან $987 მილიონი შეადგინა. იმპორტის ასეთი მატება ჩვეულებრივ შემთხვევაში ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას გამოიწვევდა, თუმცა პირიქით - აპრილში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა.

C ჰეპატიტის სამკურნლო საშუალებები

საქართველო ამერიკული ფარმაცევტული ორგანიზაცია Gilead-ისგან სრულიად უსასყიდლოდ იღებს C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტებს. ამ მედიკამენტთა ერთი ფლაკონის ღირებულება დაახლოებით $30 ათასს შეადგენს. აპრილში საქართველოში პროგრამის ფარგლებში $549 მილიონის ღირებულების მედიკამენტები: ჰარვონი, სოფოსბუვირი და ლედისპავირი შემოვიდა. მედიკამენტები საზღვარზე კვალიფიცირდა, როგორც იმპორტი, თუმცა მათ სანაცვლოდ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება არ მომხდარა. 

თუ C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებათა იმპორტს იმპორტის მთლიან მაჩვენებელს გამოვაკლებთ, მივიღებთ, რომ აპრილში იმპორტი 78%-იანი ზრდის ნაცვლად 0.5%-ით შემცირდა. რეალური იმპორტის შემცირება კი, თავის მხრივ, ლარის გაუფასურებას უკავშირდება. ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტის დასაფინანსებლად უცხოეთში უფრო ნაკლები თანხა გაედინება.

კომენტარები