ავიაცია

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ცა დააზღვია

Getty Images

ეკონომიკის სამინისტრომ 25 მაისს საქართველოს საჰაერო სივრცე დააზღვია. "საქაერონავიგაციასა" და სადაზღვევო კომპანია "უნისონს“ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში, "საქაერონავიგაციის“ ბრალეულობით, მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები დაცული, ზარალი კი ანაზღაურებული იქნება.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საჰაერო სივრცის დაზღვევა ავიაციის სექტორს ინვესტორთათვის უფრო დაზღვეულს გახდის, რის გამოც საქართველოს ავიაციის ბაზარზე ახალი კომპანიები შემოვლენ.

"საქაერონავიგაციის" მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებულმა "უნისონმა" აიღო ვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა $500 მილიონის ფარგლებში 100%-ით გადააზღვია. გადამზღვევი კომპანიები, "საქაერონავიგაციის" მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირებული არიან OECD (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ ქვეყანაში და მათი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაა არანაკლებ Standard & Poor’s: A-. 

"საქაერონავიგაციამ“ საჰაერო სივრცის დაზღვევის ვალდებულება 2014 წელს, ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ აიღო, ამ რეკომენდაციას მას საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიც აძლევდნენ. კომპანია საჰაერო სივრცის დაზღვევაზე გასული ორი წლის მანძილზე მუშაობდა. 

შპს „საქაერონავიგაციის” საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი და დაბა მესტია) აფრენა-დაფრენის ზონები. კომპანია ვერ ოპერირებს მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის დაბალ სიმაღლეებზე და თავის საქმიანობას მხოლოდ მაღალ ეშელონებზე (FL-280 და ზევით) ახორციელებს.

კომენტარები