26 მაისი

მსოფლიო ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებად განათდება

Kingdom Tower საუდის არაბეთში
mrwallpaper.com

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელშეწყობით 26 მაისთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებად განათდება. შენობები განათდება საუდის არაბეთში, უნგრეთში, თურქეთში, ინდონეზიასა და სხვა ქვეყნებში.

26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებად განათდება: ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის "ერჟბიტის“ ხიდი, სლოვაკეთის ქ. კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა, ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საუდის არაბეთში რიადის ყველაზე მაღალი შენობა "Kingdom Tower“, ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო. ქ.სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებით განათდება ბოსფორის ხიდი. კვიპროსსა და ინდონეზიაში - დედაქალაქის ტურისტული ცენტრები. ლიტვაში - კაუნასის ცენტრალური ღირსშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინება აგრეთვე ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში გაუშვებენ საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებად მოხატულ ფრანებს. 

საბერძნეთში გაუშვებენ საქართველოს დროშის ფერებით მოხატულ საჰაერო ბურთებს. კანადაში მერიის წინ აღიმართება საქართველოს დროშა. ყაზახეთში დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე გამოსახული იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები. დუბლინის ცენტრში 25-დან 30 მაისის ჩათვლით გამოიფინება საქართველოს დროშები. 
ბელგიაში, დედაქალაქის მთავარი სიმბოლო "მანეკენ პისი" შეიმოსება ქართული ეროვნული სამოსით. მოლდოვაში იგეგმება ქალაქის ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღის განათება. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკვე აღიმართა საქართველოს დროშა.

კომენტარები