ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელია. ამას, მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს.
ლონდონის ჩელსისა და მადრიდის რეალის ყოფილმა მწვრთნელმა მანჩესტერელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ცნობებით, პორტუგალიელი მწვრთნელი წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს.
მოურინიოს თქმით, მანჩესტერში მუშაობა მისთვის უდიდესი პატივია. მას სხვადასხვა წლებში პორტოში, ჩელსიში (2-ჯერ), ინტერსა და მადრიდის რეალში აქვს ნამუშევარი. კარიერაში მას იმ ქვეყნის ჩემპიონატი, სადაც მუშაობდა, 8-ჯერ აქვს მოგებული, მათ შორის 3-ჯერ ინგლისის პრემიერლიგა. ამას გარდა, მოურინიომ 2-ჯერ, პორტოსა და ინტერთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.
მოურინიო მანჩესტერში ჰოლანდიელ მწვრთნელ ლუი ვან გაალს შეცვლის, რომელიც "წითელ ეშმაკებს" 2 სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.